"ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური აქტივობებით დაკავებული პირების მიმართ კანონი მკაცრდება. გამკაცრება ეხება დაფინანსების მიღებას, თუმცა ასევე ფართოვდება პოლიტიკური პირის ცნება.
კერძოდ, "მოქალაქეთა პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კანონში" შემოდის ახალი ტერმინი - "განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი" - და იგი ჩაანაცვლებს "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირს". კანონპროექტის თანახმად, "განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირად" მიიჩნევა სუბიექტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, "თუმცა თავისი საქმიანობის შინაარსითა და საჯარო მოქმედებით, მათ შორის, მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობით, არსებითად ჰგავს პოლიტიკურ პარტიას“.
რაც შეეხება დაფინანსებას, პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში, მისი ხელმძღვანელი დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 300-დან 500 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
ამასთან, პარტიის და ახლა უკვე განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიუროს გარდა, განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც. კანონპროექტის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება შესაძლებლობა მონიტორინგის განსახორციელებლად პარტიის გარდა, პარტიის წევრისგან და განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირისგანაც გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების შესახებ.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო 2 მარტს უქმდება, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
ამასთან, პოლიტიკურ-პარტიული მიზნის მქონე სუბიექტის მიერ დეკლარაციის წარუდგენლობა, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში დეკლარაციაში არსებული ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 200 საათამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი. კერძოდ, ის პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული ორგანიზაციაში, რომელიც ფინანსდება უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში;
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები გრანტებსა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ნაწილია, რომლის ავტორიც ფრაქცია "ქართული ოცნებაა".




























