მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კანოს“ წლის შეფასება და განვითარების გეგმები

კანო
29.12.23 18:15
2091

კომპანია „კანოს“, რომელიც 40 წელზე მეტია საქართველოში რკინის კონსტრუქციებს აწარმოებს, განახლებული გუნდი შეუერთდა. ძველ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიღებული გადაწყვეტილებებით, ახალი გუნდი იმუშავებს კომპანიის საქმიანობის არეალის გაფართოებაზე, ზრდასა და განვითარებაზე. მეტი პროექტი, მეტი დამკვეთი და მეტი პარტნიორი - ასე შეიძლება შეჯამდეს „კანოს“ გეგმები 2024 წლისთვის.

კონკრეტულად, რა ტიპის პროექტებზე იგეგმება მუშაობა და როგორი იყო განვლილი 40 წელი „კანოსთვის“ - დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ნოდარ ალადაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბუსხრიკიძე საუბრობენ:

კანო ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა საქართველოში, ლითონ-კონსტრუქციების წარმოების მიმართულებით. ეს კომპანია თქვენ დააარსეთ და ამ დრომდე მის განვითარებაზე უწყვეტად მუშაობდით. როგორ შეაფასებდით განვლილ გზას?

განვლილი გზა, რა თქმა უნდა, შრომატევადი, გამოწვევებით სავსე და საკმაოდ წარმატებული იყო. ჩვენი კომპანიის ფესვები საბჭოთა საქართველოდან დაიწყო და პირველი პროდუქტი საბავშვო ველოსიპედი იყო. შემდეგ, 90-იან წლებში, მეგობართან, აკაკი ლორთკიფანიძესთან ერთად, იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ კომპანია და ვაწარმოებდით რკინის საყოფაცხოვრებო ნაკეთობებს და წვრილ კონსტრუქციებს. უკვე 2000-იან წლებში კი პირველი სერიოზული პროექტი განვახორციელეთ - ვითანამშრომლეთ ბრიტანელ დეველოპერებთან, MORRISON GEORGIA-სთან, თბილისში პირველი Marriot-ების მშენებლობის დროს.

მას შემდეგ, მონაწილეობას ვიღებთ თითქმის ყველა მნიშვნელოვან და რთულ პროექტში, რომელიც საქართველოში სრულდება. საქმიანობა გავაფართოეთ ორი მიმართულებით - საწარმოო ხაზები და მექანიზმების პროექტირება/წარმოება/ინსტალაცია. დაპროექტებული და აშენებული გვაქვს რამდენიმე ცემენტის ქარხანა, ეთერზეთების ქარხანა, ალუმინის სადნობი ქარხანა, სილიკომანგანუმის ქარხნები... ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან ერთად მივიღეთ მონაწილეობა ვარდნილი-1 ჰესის რეაბილიტაციაში, აფხაზეთში.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია მხოლოდ ფართოვდებოდა, ვითარდებოდა და იხვეწებოდა. დღეს ჩვენ ვფლობთ დაახლოებით 3 ჰექტარ ტერიტორიაზე, 12 000 კვ.მ გადახურულ და კრანიფიცირებულ ფართს, შესაბამისი აღჭურვილობით.

ასე რომ, შეიძლება ითქვას, განვლილი გზა არ იყო მარტივი, მაგრამ, დადებითი შედეგები და წარმატებები ყოველთვის გავიწყებს იმ მძიმე შრომას, რომელიც გასწიე. მე კმაყოფილი ვარ, რომ ‘’კანო’’ ასეთი კარგი, ცნობილი და ავტორიტეტული კომპანიაა, თან, არა მარტო საქართველოში.

როგორია თქვენი მოლოდინი, რა ცვლილებებსა და შედეგებს მიიღებს კომპანია მენეჯმენტში ახალი გუნდის ჩართვით?

ეს არ მომხდარა სპონტანურად, ეს ნაბიჯი გადაიდგა წინასწარი გაანალიზებებისა და დაგეგმვის შედეგად. ამ მომენტისთვის, კომპანიის განვითარებისათვის, მხოლოდ ასეთი ნაბიჯებია საჭირო. ახალი და ახლგაზრდა კადრები, რომელთაც შესაბამისი განათლება უმაგრებთ ზურგს, გაუძღვებიან შესაბამის მიმართულებებს - მარკეტინგს, ლოჯისტიკას, ფინანსებს. ასეთი მიდგომით, კომპანია აიწევს განვითარების ახალ საფეხურებზე.

წლების განმავლობაში, კანო ჩართული იყო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრების, იუსტიციის სახლების, კომერციული დანიშნულების სხვადასხვა კონსტრუქციების მშენებლობა, როგორია კანოს გეგმები 2024 წლისთვის? არის თუ არა უკვე განსაზღვრული კიდევ რომელიმე მასშტაბური პროექტი?

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მნიშვნელოვან სამშენებლო პროექტებში მონაწილეობას. გარდა ამისა, განვავითარებთ კომპანიის შესაძლებლობებს მანქანათმშენებლობის მიმართულებით, რადგან ჩვენ საქართველოში ყველაზე დიდი კომპნია ვართ ამ დარგში. დამთავრებული გვაქვს პროექტირება, დავიწყეთ კირის ქარხნის დანადგარების დამზადება და მშენებლობა. წელს მივიღებთ მონაწილეობას რამდენიმე დიდი სასტუმროს სამშენებლო პროექტში. კონტრაქტი გვაქვს ამერიკულ-ბრიტანულ კომპანიასთან, სპეციალური დანადგარების წარმოებაზე. ასე რომ, გეგმები დიდი გვაქვს და ახალი გუნდით, იმედია, ამ ამოცანებს გაუმკლავდებით.

40 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტის სტრუქტურა. რამდენად რთული გამოწვევაა, გადაიბარო ასეთი მდიდარი ისტორიის მქონე ბრენდი და რას შეცვლის ახალი გუნდის მოსვლა ამ კომპანიაში?

გამოწვევა ნამდვილად რთული და საპასუხისმგებლოა. კანო მთელი ამ წლების განმავლობაში ქმნიდა ხარისხიან და გამორჩეულ პროექტებს, რის უკანაც პროფესიონალი მენეჯერების და სპეციალისტების მთელი გუნდი მუშაობდა, ბატონი ნოდარის ხელმძღვანელობით. პირადად ჩემთვის, ამ გუნდთან მუშაობა გამოწვევასთან ერთად, დიდი პატივიცაა. ვეცდები, ჩემი ენერგია და ცოდნა კანოს თანამშრომლებს სწორად გავუზიარო. ერთად შევიმუშავეთ სტრატეგია, რომლითაც ახალ პროექტებს ავითვისებთ როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ ჩემს თითოეულ ინიციატივასთან დაკავშირებით ვგრძნობ დამფუძნებლის ნდობასა და მხარდაჭერას. ეს კი ჩემთვის, როგორც ამ კომპანიის ერთ ერთი დირექტორისთვის, საკმაოდ დიდი კომფორტია.

როგორი იქნება კანოს ძველი ხელმძღვანელობისა და ახალი გუნდის კოლაბორაცია? რა არის დამფუძნებლების 40 წლიანი გამოცდილების განვითარების თქვენეული გეგმა? გეგმავთ ახალი თანამშრომლების დამატებას?

ძველი ხელმძღვანელობის გამოცდილება და კომპეტენცია, ახალი გუნდის ენერგიასა და მიზანსწრაფულობასთან ერთად აუცილებლად მოგვცემს იდეალურ შედეგს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ, დავიმატოთ ახალგაზრდა, პერსპექტიული თანამშრომლები, რომლებსაც გავუზიარებთ ჩვენს ცოდნას, ვასწავლით ამ საქმის ყველა მნიშვნელოვან დეტალს, მათ შორის, „ხეზე ცოცვასაც“.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 2024 წელს აქტიურად ვიმუშავებთ საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. კანო შეიძენს ახალი თაობის მულტიფუნქციურ დანადგარებს, რომლებიც რთული პროექტების განხორციელებისთვის გადაუდებელი აუცილებლობაა. ცხადია, როდესაც ასეთ მასშტაბურ ცვლილებებზე ვსაუბრობთ და როდესაც ჩვენს გეგმებში ადგილობრივთან ერთად, საერთაშორისო ბაზრის ათვისებაც შედის, გუნდის განახლებისა და გაზრდის გარეშე არაფერი გამოვა.

რა მიმართულებით ხედავთ კომპანიის პერსპექტივას? ხომ არ გეგმავთ საქმიანობის არეალის გაფართოებას? რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც ახალი გუნდი ბრენდის გაუმჯობესებისთვის გადადგამს?

მომავალ წელს, ჩვენი ყურადღება უმეტესად მექანიზაციისკენ იქნება მიმართული. მანქანა-დანადგარების წარმოება ის ნიშაა, სადაც კანოს დიდი პოტენციალი აქვს. გამოცდილი არქიტექტორ-კონსტრუქტორების და ინჟინრების გუნდი ფასდაუდებელი რესურსია ამ ბიზნესის განსავითარებლად.

გარდა ამისა, გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან, რომელთაც ქიმიურ-მეტალურგიული ქარხნების მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. იგეგმება საერთო პროექტების განხორციელება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ბრენდინგის მიმართულებით - სულ ცოტა ხნის წინ, ხელშეკრულება გავაფორმეთ საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრასთან“, რომელიც მრავალი წელია ამ მიმართულებით მუშაობს და უამრავი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. მჯერა, ჩვენი თანამშრომლობაც ერთ-ერთი სამაგალითო ქეისი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები