კანტის აკადემია და we make change-ის გლობალური პლატფორმა UNICEF-ის მხარდაჭერით პროექტს - "მე გაძლიერებ" ახორციელებს, რომელში ჩართვაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია. პროექტის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებს COVID 19-ის შედეგებთან გამკლავებაში, გააძლიეროს ისინი ცოდნით, რათა მათ შეძლონ კრიზისისა და შესაძლებლობების სინერგიით დაძლიონ სტრესი, გაიფართოვონ ხედვა, შეძლონ პიროვნული რესურსების მობილიზება, საკუთარი თავის მოტივირება და გლობალური კრიზისის/პანდემიის დროსაც შესაძლებლობების დანახვა და მათი გამოყენება.
სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე პროექტის განმავლობაში მოზარდები პიროვნული გაძლიერების ტრენინგების გარდა გაივლიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ბრედნიგნი და მარკეტინგი, სტარტაპების შექმნა - ანტრეპრენერშიფი, ლიდერობა და კომუნიკაციები. ეს ის თემებია, რომლებიც მათ თანამედროვე ეპოქის მიერ შექმნილ შესაძლებლობების გამოყენებას, საკუთარი იდეის ფორმირებას, მის კონკურენტუნარიანობასა და წარმატებისთვის საჭირო ძირითად მიმართულებებს ასწავლის.
ეს არის კანტის აკადემისი მიერ წლების განმავლობაში წარმატებით დანერგილი მეთოდოლოგია ე.წ "კანტის მოდელი“, რომელიც მოზარდებში უმოკლეს დროში ახდენს პოზიტიურ ტრანსფორმაციას.
"ახალგაზრდებში ინვესტირება, მათთან ერთად, მათი ჩართულობით და მათთვის მუშაობა უაღრესად მნიშვნელოვანი ძლიერი, მშვიდობიანი და დემოკრატიული საზოგადოებების ჩამოყალიბებისთვის, სადაც ყველა თანაბრად არის დაცული. ახალგაზრდებს აქვთ შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალი და შესაძლებლობები. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაძლიეროთ ახალგაზრდებით, რათა მათ შეძლონ ამ პოტენციალის სრულად გამოყენება", - განაცხადა გაეროს ბავშთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება, რომელიც მოიცავს მოზარდებთან სხვადასხვა თემებზე შეხვედრებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებთან. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია 100 თანატოლგანმანათლებლის ტრენინგი ადგილობრივ თემებსა და სკოლებში.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან ჩიტაშვილი აცხადებს თეორიული სწავლების შემდეგ პროექტი უნიკალურ შანს აძლევს მოზარდებს. მათ საშუალება ექნებათ კონრკეტული იდეები რეალობად აქციონ. პროექტის ბოლოს კი გამოცხადდება მცირე ბიზნეს-სტარტაპ იდეების კონკურსი მონაწილე ახალაგზრდებისთვის, სადაც საუკეთესო იდეას შეარჩევს სპეციალური კომისია, ხოლო გამარჯვებული მიიღებს შესაბამის გრანტს საკუთარი იდეის განსახორციელებლად. კანტის აკადემია თავის მხრივ იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამარჯვებულს იდეის განხორციელბის გზაზე გაუწიოს მენტორინგი.
პროექტში ჩართვა მხოლოდ 12-დან 19 წლამდე მოზარდებს შეეძლებათ.
"კოვიდ-19 პირობებში სახლში დარჩენამ და იზოლაციამ კიდევ უფრო გაზარდა გამოწვევები მოზარდებში, სკოლიდან და მეგობრებისგან შორს, სახლში დარჩენილი მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია დროის სწორად და პროდუქტიულად გადანაწილება. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოს ყველა კუთხეში, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თუ სხვა მახასიათებლისა ყველა ახალგაზრდა გაგვეერთიანებინა ონლაინ სივრცეში. ამ ეტაპზე უკვე მესამე ჯგუფი გადის ლექციებს (ჯგუფში 80 ამდე ახალგაზრდა ერთიანდება), ახალგაზრდები სწავლობენ საკუთარი რესურსების აღმოჩენას და გამოყენებას, სწავლობენ როგორ მართონ საკუთარი დრო უფრო სასარგებლოდ და როგორ გააძლიერონ თანატოლები", - განაცხადა ქეთევან ჩიტაშვილმა.