თურქეთის პოპულარულ ტურისტულ რეგიონში, კაპადოკიაში ხუთშაბათს დიდი ვულკანური კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა - ამის შესახებ ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
კლდოვანი წარმონაქმნის ნაწილი - ე.წ. "ფერიების ბუხარი" (fairy chimney) - კაპადოკიის გორემეს რეგიონში ჩამოინგრა, რის შემდეგაც ადგილზე სამედიცინო და სამაშველო ჯგუფები მობილიზდნენ.
გუბერნატორ ჰუსეინ ქოქის განცხადებით, ჩამოშლის მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო დროს მოსული ძლიერი წვიმები გახდა. შემთხვევა ტურისტული ობიექტის შესასვლელთან, ავტოსადგომის მახლობლად მოხდა.
მისი თქმით, სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში მოყოლილი შესაძლო სხვა პირების სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ.
"ვიმედოვნებთ, რომ სხვა მსხვერპლი აღარ იქნება", - აღნიშნა გუბერნატორმა.
ქოქის განცხადებით, დაღუპული სამი ადამიანიდან ორი თურქეთის მოქალაქეა. მესამე გარდაცვლილის შესახებ მას ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია.
იუსტიციის მინისტრმა აქინ გურლექმა განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ცენტრალურ თურქეთში მდებარე კაპადოკია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც განთქმულია თავისი უნიკალური კლდოვანი წარმონაქმნებითა და უძველესი მიწისქვეშა ქალაქებით. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ტურისტული ლოკაციაა.
ნგრევა თურქეთის რესპუბლიკის დღის დღესასწაულზე მოხდა, როდესაც ტერიტორია დამთვალიერებლებით განსაკუთრებით იყო დატვირთული.
























