მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამით 8 კომპანიამ ისარგებლა - "შემოსულია ₾450 მლნ-ზე მეტი საინვესტიციო კაპიტალი"

მიხეილ ხიდურელი

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით უკვე ისარგებლა 8 კომპანიამ, რომელთა მიერ 13 ემისია განხორციელდა. მათივე ცნობით, შემოსულია 26 განაცხადი და 450 მილიონ ლარზე მეტი დამატებითი საინვესტიციო კაპიტალი.

სააგენტოს ცნობით, დაფინანსებულ ემისიებში უძრავი ქონების სექტორი და საფინანსო საქმიანობის მიმართულებები ჭარბობს.

პროგრამა მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.

სააგენტოს დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა და მან კომპანიების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია.

“კერძო კომპანიების მხრიდან გამოხატული მზაობა და ინტერესი ადასტურებს, რომ არაერთი ბიზნესია მზად გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვების ხარჯებს.

ჩვენი სააგენტოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ამიტომ, მომავალშიც აქტიურად დავუჭერთ მხარს ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში“ - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

სააგენტოს ინფორმაციით, 2028 წლამდე მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი. 2026 წელს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზარზე არსებული კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები