სააგენტო “აწარმოე საქართველოში” აცხადებენ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი ახალი პროგრამა 60 მილიონ ლარს ზემოთ წლიური შემოსავლის მქონე კომპანიებზეც გავრცელდება.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა BMG-ის განუცხადა, უფრო მცირე მოცულობის ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს თავად სააგენტო დაფარავს, ხოლო შედარებით მსხვილი კომპანიებისთვის თანადაფინანსებაში USAID შევა.
მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტო პოტენციურ ბენეფიციარებთან კონსულტაციებს უკვე მართავს და მოლოდინია, რომ მიმდინარე წელს პროგრამაში 15-20 კომპანია ჩაერთვება.
“ახალი პროგრამის ფარგლებში კომპანიებისთვის სტიმულის მიმცემი კონკრეტული ფინანსური მექანიზმები შემოდის, როგორიცაა საკრედიტო რეიტინგის ხარჯის ანაზღაურება, ასევე განთავსების საკომისიოს პროცენტი დაფარვა. ჩვენ შევისწავლეთ ის კომპანიები, რომლებიც შესაძლოა, პროგრამისთვის რელევანტური იყოს და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს 15-20 კომპანია მიიღებს მასში მონაწილეობას. სააგენტოს თანადაფინანსება იმ კომპანიებზე გავრცელდება, რომელთა წლიური ბრუნვა 60 მლნ ლარამდეა, თუმცა პროგრამაში უფრო მსხვილი კომპანიებიც შეძლებენ ჩართვას და მათ USAID დაეხმარება. ამიტომ მოცვა საკმაოდ დიდი გვექნება. მიღმა ფინანსური დახმარებისა, პროგრამა ტექნიკურ კომპონენტს და კომპანიებისთვის კონსულტანტის დაქირავებასაც მოიცავს", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
ცნობისთვის, კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი ახალი სახელმწიფო პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავს. ესაა კომპანიებისთვის ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება და ტექნიკური დახმარება. მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, 20 მლნ ლარამდე წლიური შემოსავლის შემთხვევაში, კომპანიებს საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯის 80% აუნაზღაურდებათ, ხოლო 40-დან 60 მლნ ლარის ჩათვლით შემოსავლის შემთხვევაში, ხარჯის 60%.