მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Kärcher საქართველოში აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს - "კერხერ საქართველოს" გეგმები

Kärcher

"კერხერ საქართველო" თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში "კერხერის" აქსესუარების წარმოებას განიხილავს. როგორც კომპანიის მმართველმა დირექტორმა ნიკოლოზ ბათირაშვილმა "კერხერ საქართველოს" სამომავლო გეგმებზე საუბრისას "საქმიან დილაში" განაცხადა, საკითხზე მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან უკვე მიმდინარეობს.

"ქვეყანას აქვს საოცარი შესაძლებლობა, გვაქვს თავისუფალი სავაჭრო ზონები, რომელთა პრეზენტაციაც წარვუდგინე და ვუთხარი, რომ რატომაც არ უნდა აწარმოოს "კერხერმა" ქვეყანაში თუნდაც ერთი აქსესუარი, როგორც ეს რუმინეთში, ლატვიაში, ლიეტუვაში და ა.შ. ხდება? რატომაც არ ვაკეთოთ ეს საქმე საქართველოში? ყველაფერი შესაძლებელია, თუ ეტაპობრივად მივუდგებით და ვეცდებით, პატარა ქართული საქმეც გავაკეთოთ ქვეყანაში, როცა მას ასეთი კომპანიები, ასეთი ბრენდები, ასეთი მიდგომები სჭირდება, რათა მათაც ვაჩვენოთ, რომ ნიჭიერი ხალხი ვართ და შეგვიძლია საქმის კეთება", - აღნიშნა ბათირაშვილმა.

სამომავლო პროექტებზე საუბრისას "კერხერ საქართველოს" მმართველმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კომპანია თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან ითანამშრომლებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასუფთავებას უზრუნველყოფს.

"მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ყველა 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც თბილისში შემოვიდა, კერხერის დანადგარში გაირეცხება - ეს უკვე დაკონტრაქტებულია, პროდუქტი საქართველოშია და ველოდებით უკვე მის ინსტალაციას, რომელიც დღე-დღეზე დაიწყება. 5 აგრეგატი უკვე შეიძინა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, რაც ჩვენი დიდი გამარჯვება იყო და ერთგვარი გარღვევა ამ კუთხით, რომ ხუთი ერთნაირი, ერთად მდგომი აგრეგატი ერთ ლოკაციაზე, ერთ ავტობაზაზე მსოფლიოში არსად არ არის. ძალიან გვიხარია, რომ ეს იქნება პირველი.", - ამბობს ნიკოლოზ ბითარიშვილი.

"კერხერის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ზუსტად 10 წელია ოპერირებს. "კერხერ საქართველო" ბრენდს ქვეყნის 5 დიდ ქალაქში, 7 კერხერ-ცენტრითა და ოფიციალური ონლაინ მაღაზიით წარმოადგენს. რაც შეეხება საერთაშორისო ბრენდს, დღეს "კერხერი" 85 ქვეყანაში, 17 000-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებულ პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. კომპანია ზრდას თანამედროვე გამოწვევების ფონზეც აგრძელებს, რასაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბრუნვის 340%-იანი ზრდა, 3000-ზე მეტ პროდუქტიანი პორტფოლიო და 2023 წელს გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი - €3.2 მილიარდი - ადასტურებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები