"ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ", - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომელსაც "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
კარდინი მოუწოდებს მათი დასჯისკენ „ვინც პასუხისმგებელია ლაშქარავას გარდაცვალებაზე“.
"5 ივლისს, პრაიდის მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", - ამბობს ის.
ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.