მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარეკის ქვეყნებმა კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ერთობლივ ხედვას მხარი დაუჭირეს

გგ
30.11.23 20:32
609

ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (კარეკი) პროგრამის წევრი ქვეყნები დღეს შეთანხმდნენ რომ იმუშავებენ ერთად რეგიონში სათბური აირების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის გასაძლიერებლად.

“მხარს ვუჭერთ კლიმატის ცვლილებისადმი მიმართულ რეგიონულ მოქმედებას: კარეკის ხედვას ქვეყნების მიერ პარიზის შეთანხმების პირობების შესრულებაში დასახმარებლად,“ - ნათქვამია კარეკის 22-ე მინისტერიალის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დღეს, პირველად თბილისში გაიმართა.

განცხადებას მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მინისტრებმა და მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლებმა.

აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, ხედვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგოტრანზიციისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების გაუმჯობესებას, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის გაძლიერებას, ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების დანერგვას და კლიმატგონივრულ ინფრასტრუქტურასა და სტრატეგიებში ინვესტირებას. ხედვა მოუწოდებს პროგრამის განვითარების პარტნიორებს რეგიონის კლიმატის დღის წესრიგის მხარდამჭერი თანამშრომლობისა და კოორდინაციისკენ.

მიმდინარე წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კლიმატის ცვლილებამ შესაძლოა მძიმე გავლენა იქონიოს კარეკის რეგიონზე, როგორიცაა ტემპერატურის საშუალოზე მეტად მატება, წყლის გაზრდილი დეფიციტი, გაფართოებული გაუდაბნოება და მყინვარების დნობა.

რეგიონში წყლის პრობლემების გადასაჭრელად, კარეკი დაეხმარება ქვეყნებს საზღვართშორისი წყლის მართვისა და წყლის პროდუქტიულობის ექსპერტიზისა და ცოდნის გაძლიერებით და სოფლის მეურნეობის ნაყოფიერების გაზრდის მიზნით მეტად ეფექტიან საირიგაციო სისტემებში ინვესტირებით.

კარეკი ასევე დაეხმარება ტრანსპორტის დეკარბონიზაციას, რეგიონული კავშირების გაძლიერების ხელშეწყობის პარალელურად ეფექტიანი სატრანსპორტო ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის გზით. სხვა პრიორიტეტული მიმართულებებია კლიმატ-გონივრული ქალაქების განვითარება ელექტოფიცირებული მასობრივი სატრანზიტო სისტემებით და კლიმატისა და ბუნებრივი კატასტროფებისადმი მედეგობის გაძლიერება რეგიონული რისკების მართვითა და დაფინანსების ინიციატივებით.

კარეკის პროგრამა ქვეყნებისა და განვითარების პარტნიორების თანამშრომლობაა, რომლებიც ერთად მუშაობენ მდგრადი განვითარებისთვის, ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად და სიღარიბის შესამცირებლად. კარეკის სამდივნოს წარმოადგენს აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ADB-ს მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები