ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევიკა სალინა აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მოლდოვამ უკვე განაცხადა საარჩევნო პროცესში რუსულ გავლენაზე თავისი გამოცდილების შესახებ - ამის შესახებ ევიკა სალინამ ბუდაპეშტში EU-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრამდე, "მთავარი არხის" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავიანთი ანგარიშები გამოაქვეყნონ, იმის გასაგებად, თუ როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი საქართველოში. ჩვენ გუშინ მოლდოვასგან უკვე მოვისმინეთ, რომ მათი არჩევნების თითქმის 10%-ზე ზეგავლენა რუსულმა მხარემ მოახდინა, ამიტომ კარგად გვესმის ის ურთულესი ვითარება, რაც რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყნებშია.
ვაფასებთ ყველა ინიციატივას, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ დემოკრატიის დასაცავად მიიღო, რადგან სწორედ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ივლის თუ არა ქვეყანა წინ, ევროპულ გზაზე, რისთვისაც მანამდე იბრძოდნენ მოლდოვა, ლატვია, ბალტიის ქვეყნები..
ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს დამოუკიდებელ მედიას, ევროპული ღირებულებებისადმი მისწრაფების დემოკრატიული გზებით გამოხატვასა და თქვენს გზას ევროკავშირისკენ", - განაცხადა ევიკა სალინამ.