მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კარგი და გახსნილი დისკუსია იყო" - რა პრობლემები გამოიკვეთა მწარმოებლებთან შეხვედრაზე?

შოთა ბერეკაშვილი

ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ დღეს მწარმოებლებთან კარგი შეხვედრა შედგა და არაერთი პრობლემა გამოიკვეთა. მან ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს, სხდომაზე ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მოხდა.

"კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს ძალიან მაღალი მარკეტინგის და რეალიზაციის ხარჯი. ეს რას ნიშნავს? მწარმოებელს უჭირთ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია საცალო ქსელებში, დისტრიბუტორებთან, ამისათვის ისინი იხდიან დამატებით გადასახადებს, რომელიც საბოლოო ჯამში აისახება ერთეულის ფასში. ეს პრობლემა ისევ დაფიქსირდა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა დაფიქსირდა ის კონტრაქტულ ურთიერთობებში ჯაჭვში, საწყისი წერტილიდან მესამე წერტილამდე, რომელიც არის საცალო ქსელი, არათანაბარი ურთიერთობაა, ასე რომ ვთქვათ, ზემდგომ სუბიექტს აქვს პირობების მნიშვნელოვნად დაყენების შესაძლებლობა, ის განაგებს ბაზრის ფასების დინამიკას და პირობებს და არათანაბარ ურთიერთობებში აყენებს ამ ჯაჭვში მონაწილე სუბიექტებს.

ასევე გამოიკვეთა მნიშვნელოვანი კაპიტალის ღირებულება, რაც არის სამუშაო კაპიტალის დეფიციტი, ასე რომ ვთქვათ, რაც მიბმულია გადახდის პერიოდთან - არის შემთხვევები, როდესაც საქმე გვაქვს 60-დღიან და მეტ გადახდებზე. ზოგიერთმა მწარმოებელმა თქვა, რომ წლობითაც აქვთ პერიოდი, როდესაც გადახდები არ მიუღიათ. ყოველივე ეს სამუშაო კაპიტალს აძვირებს, ეს კომპანიები იძულებული არიან რომ დამატებითი საკრედიტო რესურსები აიღონ. აღნიშნული საკრედიტო რესურსები მათთვის ძვირია, საშუალოდ 15 პროცენტს შეადგენს და ეს ყოველივე ემატება ერთეულის ფასს და აღნიშნულ პროდუქტს უფრო აძვირებს.

ასევე, ნაშთების მართვაში გამოიკვეთა შემდეგი მომენტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მწარმოებლებმა არ იციან თავიანთი პროდუქციის რა ნაწილის რეალიზაცია მოხდა, რა ნაწილის რეალიზაცია არ შედგა, შესაბამისად, ვერ აკონტროლებენ პროდუქციის მოძრაობას და ეს მნიშვნელოვან შემაფერხებელი ნაწილია. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი და გახსნილი დისკუსია იყო. ჩვენი მიზანი არის, რომ პროცესი წარიმართოს სწორად, ჩვენ შევძლოთ სექტორში სწორი პრობლემების იდენტიფიცირება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შემდეგ, უკვე გვეცოდინება სწორი დიაგნოზი, რატომ ხდება ეს. ჩვენ განვახორციელებთ შესაბამის ანალიტიკას, მსგავსი პრობლემები, რაც დღეს საქართველოშია, საქართველოს მსგავს სხვა ქვეყნებშიც არსებობს და არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომლის ამოქმედების შედეგად ჩვენ ხელშესახებ შედეგზე მივალთ და მივაღწევთ იმას, რომ მოხდება ფასების კორექცია კლებისკენ და ისე მოხდება ეს, რომ გააუმჯობესებს ბაზრის კონკურენციას, ბიზნესისთვისაც იქნება მისაღები და რაც მთავარია, ჩვენ საბოლოო ჯამში მომხმარებელი მიიღებს საუკეთესო ფასს", - ამბობს შოთა ბერეკაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები