სამშენებლ-დეველოპერული კომპანია “ინნ ჯგუფის” დამფუძნებელ პაატა კოკაიას შეფასებით, სამუშაო ძალის დეფიციტი ბიზნესისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის კვლავ რჩება.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ქვეყანაში უამრავი ვაკანსია და ამავდროულად მაღალია უმუშევრობა.
პაატა კოკაიამ სამუშაო ძალის დეფიციტზე საუბრისასყურადღება გაამახვილა იმ ტექნიკურ და ლოგისტიკურ სირთულეებზე, რომლებიც რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს დასაქმებაში უშლის ხელს.
ბიზნესმენის თქმით, ბევრ პოტენციურ თანამშრომელს არ აქვს წვდომა სმარტფონსა თუ ინტერნეტზე ონლაინ გასაუბრებისთვის, თბილისში ან სხვა დიდ ქალაქებში ჩამოსვლა კი დიდ დროსა და ხარჯებთანაა დაკავშირებული.
„საქართველო პარადოქსების ქვეყანაა. HR.ge-ზე უამრავი ვაკანსიაა, ამავდროულად კი უმუშევრობის პრობლემა გვაქვს. მაგალითად, ადამიანს გარიყულადან ძალიან უნდა მუშაობა; ჩვენ გზის, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს ვფარავთ, მაგრამ მას ფიზიკურად უჭირს გასაუბრებაზე ჩამოსვლა,“ - აღნიშნა კოკაიამ.
პრობლემის გადასაჭრელად, „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელი გამოდის ინიციატივით, რომ დასაქმების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობები და სოფლის რწმუნებულები ჩაერთონ.
კერძოდ, ბიზნესმენის აზრით, კოორდინაციისთვის კარგი იქნება, გამგეობებმა აიღონ ვაკანსიების სია და დაეხმარონ ადგილობრივებს ბიზნესთან დაკავშირებაში. ასევე, ტექნიკური მხარდაჭერისთვის - სოფლის რწმუნებულის ოფისებში მოეწყოს სივრცე, სადაც მოქალაქეები შეძლებენ დამსაქმებელთან ონლაინ გასაუბრების გავლას.
პაატა კოკაიას თქმით, სახელმწიფო სტრუქტურებსა და ბიზნესს შორის მსგავსი თანამშრომლობა დამსაქმებლებს საშუალებას მისცემს, ადგილზევე შეარჩიონ კადრები, რის შემდეგაც დასაქმებული უკვე გარანტირებული სამუშაო ადგილით გაემგზავრება დანიშნულების ადგილზე.
“ყველაზე მეტად გვაწუხებს მუშახელის დეფიციტი და სპეციალისტის დეფიციტი”, - აცხადებს ბიზნესმენი.




























