დედაქალაქიდან ბათუმში შიდა ფრენები აღარ ხორციელდება, პირდაპირ რეისები მხოლოდ ნატახტრის აეროპორტიდან სრულდება, სადაც სეზონზე დატვირთვა თითქმის 100%-იანია. ტურისტული ბიზნესი ამბობს, რომ ზაფხულის სეზონზე მაღალი მოთხოვნის გამო ბათუმში გადაფრენის მსურველები ავიაბილეთების შეძენას ვერც ტურისტული და ვერც საქმიანი ვიზიტისთვის ახერხებენ.
ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ირმა კოდუა ამბობს, რომ ნატახტრის აეროპორტში არსებულ ფრენები მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც ტურისტების მხრიდან წამოსული მოთხოვნა უპასუხოდ რჩება.
მისი თქმით, ბათუმის მიმართულებაზე განსაკუთრებული მოთხოვნა საქმიანი ბიზნეს ვიზიტებიდან მოდის, ხოლო ტურისტები ფრენებს ყველაზე ხშირად მესტიის მიმართულებით ითხოვენ.
“ხშირად არის ხოლმე საჭირო დილას ჩაფრინდე, დაესწრო რაღაც შეხვედრას და დაბრუნდე საღამოს თბილისში. ამ შემთხვევაში ვაწყდებით საკმაოდ დიდ წინააღმდეგობებს იმ კუთხით, რომ რთულია ბათუმში ჩახვიდე დილას და შემდეგ დაბრუნდე უკან. კი მანქანით შესაძლებელია, დროც შემცირებულია, მაგრამ გზა დამღლელია. ფრენები ამ მოცემულობას ამარტივებს. კარგი იყო, როდესაც დაფრინავდნენ ავიაკომპანიები თბილისი-ბათუმის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კარგი იქნება, თუ აღდგება.
ტურისტებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად მაღალ ბიუჯეტიანი ტურისტებიც იყენებენ შიდა ფრენებს. იქიდან გამომდინარე რომ ეს შესაძლებლობა არ არსებობს, ვახმართ დამატებით ტრანსპორტს, ამიტომ გვიწევს ვერტმფრენის და ბორტის დაქირავება, თუმცა ეს ძალიან მაღალ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
შიდა ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარებისთვის და უცხოელი სტუმრების შემთხვევაში, რომელთათვისაც 1-კვირიანი ვიზიტის დაგეგმვა რთულია ავტომობილით. კარგი იქნება, თუ სიხშირეები გაიზრდება მესტიის და რაჭის მიმართულებით. ეს არის შედარებით ისეთი მიმართულებები, სადაც ავტომობილით ჩასვლა დროს მოითხოვს”,- ამბობს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ირმა კოდუა.