მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კარგი იქნება, თუ ოსლოში ქართული რესტორანი გაიხსნება“ - ნორვეგიის ელჩი

63d2238e4a94d
თამთა ჯიჯავაძე
26.01.23 10:53
1825
"ნორვეგიელი მომხმარებლები რისკზე ნაკლებად მიდიან. მათ ძალიან ძლიერი ბიძგი დასჭირდებათ, რომ ცნობილი ევროპული ბრენდები შედარებით ახალი, ქართული პროდუქციით ჩაანაცვლონ", - ამის შესახებ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენმა აღნიშნა. კითხვაზე - რომელი ქართული პროდუქცია შეიძლება იყოს ნორვეგიული ბაზრისთვის მიმზიდველი, დიპლომატმა აღნიშნა, რომ ღვინისადმი ინტერესი მზარდია.

„ნელ-ნელა მაინც საინტერესო ცვლილებები ხდება. სულ უფრო მეტი ქართული ღვინოა ჩვენს სახელმწიფო ღვინის მონოპოლიაში ხელმისაწვდომი. სომელიეები აქებენ მას. მომავალში, ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მეტი მცირე მეღვინის პროდუქტი გამოჩნდება ნორვეგიაში. ჩემი აზრით, მცირე, საოჯახო მეღვინეობები ხშირად ყველაზე ინოვაციურნი და საინტერესონი არიან, მაგრამ, ამავდროულად, მათ არა აქვთ არც ოპერაციული შესაძლებლობები და არც მოცულობა, რომ უცხოურ ბაზრებზე საკუთარი ნაწარმი გაიტანონ“, - ამბობს ელჩი და დასძენს, რომ ქართული ღვინისადმი გაჩენილი ინტერესი საქართველოში ნორვეგიული ტურიზმის ზრდასაც უკავშირდება.

„ნორვეგიელები, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და თქვენს ღვინოსა და სამზარეულოს კავკასიონის უმშვენიერესი მთების ფონზე მიირთმევენ, უკან დაბრუნების შემდეგ ნორვეგიაშიც ეძებენ ამ პროდუქტებს. ესაა საქართველოს ნამდვილი რბილი ძალა“, - აღნიშნავს დიპლომატი.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოსლოში ქართული რესტორანი გაიხსნება. „ნორვეგიელებს უყვართ ჭამა და დარწმუნებული ვარ, ქართული რესტორანი სწრაფად მიაღწევს წარმატებას. ეს კი, თავის მხრივ, ქართული ღვინისა და საკვები პროდუქტებისადმი ინტერესს გაზრდის, მათ შორის ყველის, მზესუმზირას ზეთის, ჩირების, თხილეულისა და ა.შ.. რა თქმა უნდა, ამას ეგოისტური მიზეზებითაც ვამბობ. როგორ უნდა გავძლო ქართული საჭმლის გარეშე, როცა ოსლოში დავბრუნდები?“, - აღნიშნა ჰელენ სანდ ანდრესენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები