მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგი იქნებოდა, თბილისსა და ოსლოს შორის საჰაერო მიმოსვლა ყოფილიყო - ნორვეგიის ელჩი

63d75d46b99a3
თამთა ჯიჯავაძე
30.01.23 17:23
1972
მეტი ნორვეგიელი ტურისტი რომ დავაინტერესოთ, კარგი იქნებოდა ჩვენს ორ დედაქალაქს შორის საჰაერო მიმოსვლა ყოფილიყო, - ამის შესახებ ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ჰელენე სანდ ანდრესენმა Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ავიაკომპანიების გადასაწყვეტი და გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ უკვე ვმუშაობთ შესაბამის ნორვეგიულ და ქართულ ორგანოებთან, რომ ეს პროცესი გავამარტივოთ და როცა რომელიმე ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, შესაბამისი რეგულატორული ჩარჩო უკვე მზად გვქონდეს.
როგორც დიპლომატმა, მსურს, დავამატო, რომ ტურიზმი და მოგზაურობა ხალხთა შორის კონტაქტებს ზრდის, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი ორმხრივი კავშირებისა და თანამშრომლობის საფუძვლებს“, - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა.

მისივე თქმით, მას არ უნახავს არცერთი ნორვეგიელი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ამ ქვეყანაში დაბრუნება არ სურდა.

„მე ამას „საქართველოს ცხელებას“ ვუწოდებ, ჩვენი ცნობილი მწერლის, კნუტ ჰამსუნის მსგავსად, რომელმაც საქართველოში დაახლოებით 120 წლის წინ იმოგზაურა. ჰამსუნი მაშინ წერდა, რომ აქ ყოფნისას მან სასიამოვნო, ზღაპრული „კავკასიური ცხელება“ განიცადა. მე ამ ცხელებას ბევრი ნორვეგიელი ტურისტის თვალებში ვხედავ. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს ტურისტები საკუთარ ქალაქებს დაუბრუნდებიან, ისინი საქართველოში ტურიზმის ერთგვარ „ინფლუენსერებად“ გადაიქცნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს ჩანს მოგზაური ბლოგერებისა და პოდკასტების ავტორების გაზრდილი ინტერესი საქართველოსადმი, რომლებიც მათი გამოცდილების შესახებ წერენ.

როგორც წესი, ტიპური ნორვეგიელი ტურისტი ერთ-ერთი ამ ჯგუფთაგანია: ის ან საშუალოზე მეტად არის საქართველოს ისტორიით, კულტურით, სამზარეულოთი და ღვინით დაინტერესებული და წინასწარ დაგეგმილი ტურის ფარგლებში მოგზაურობს, ან ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც დამოუკიდებლად ჩამოდის ან მთების დასალაშქრად, ან სათხილამუროდ“, - განაცხადა ნორვეგიელმა დიპლომატმა.

ცნობისთვის, 2022 წელს, საქართველოს 2 714 ნორვეგიელი ვიზიტორი სტუმრობდა. მაშინ როცა, პანდემიამდელ 2019 წელს 6 346 ვიზიტორი ეწვია. შესაბამისად კლება ბოლო სამ წელიწადში 57%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები