„კარგი ის არის, რომ ყველაფერი არ დაჰბრალდა მხოლოდ ბიზნესს“, - ასე შეაფასა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესის მრჩეველმა მიხეილ გაფრინდაშვილმა „ფასების კომისიის“ 106-გვერდიანი დასკვნა, რომელიც 1 მაისს გამოქვეყნდა.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ეჭვები, რომელიც სასურსათო პროდუქციაზე „გადაჭარბებულ ფასნამატს“ შეეხებოდა, ფაქტობრივად, გააქარწყლა. დოკუმენტუს თანახმად, საცალო სექტორი [FMCG] ანუ სუპერმარკეტები მომგებიანობის გადაჭარბებულ მარჟებზე არ მუშაობენ. მეტიც, "ქართული ოცნების" დეპუტატებით დაკომპლექტებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა დასკვნას, სადაც წერია, რომ "რეალური საშუალო ფასი სისტემურად დაბალია სტანდარტულ (თაროს) ფასთან შედარებით“.
ამასთან, მიხეილ გაფრინდაშვილის შეფასებით, დასკვნა ადასტურებს მტკივნეულ რეალობას, რომელიც საქართველოშია - კერძოდ, მომხმარებლისთვის ფასები იმდენად მაღალია, რომ პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა მხოლოდ აქციების დროს იყიდება.
მისი თქმით, „ფასების კომისიის“ დასკვნაში მოყვანილი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სურსათის 80% ფასდაკლებით იყიდება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სტანდარტული ანუ ე.წ. „თაროს ფასი“ მოსახლეობისთვის მიუწვდომელია.
"წარმოიდგინეთ, პროდუქტების მხოლოდ 20% იყიდება სტანდარტული ფასებით. ეს ცხადია ნიშნავს იმას, რომ ქართველი მომხმარებლისთვის ეს ფასი არის მაღალი. კარგია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესს არ დაჰბრალდა, რადგან FMCG სექტორი ეკონომიკის 20%-ია და აწყობილი ურთიერთობების უხეში ჩარევით მოშლა ბევრად ცუდ შედეგს გამოიღებდა“, - აცხადებს მიხეილ გაფრინდაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ „ფასების კომისიამ“ ბაზრის მონაწილეებს შორის „კარტელური გარიგებები“ ვერ აღმოაჩინა, მიხეილ გაფრინდაშვილი ხაზს უსვამს, რომ საცალო სექტორი თავისი ბუნებით ოლიგოპოლიურია. FMCG (სწრაფად ფართო მოხმარების საქონლის) ბაზრის 75%-ს მხოლოდ ხუთი მსხვილი კომპანია ფლობს, რაც მათ დიდ ძალაუფლებას ანიჭებს მცირე მწარმოებლებზე.
ბიზნესის მრჩეველი ფასის ზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სწორედ ქსელებში არსებულ პირობებს ასახელებს:
ქსელში შესვლისა და დახლის გადასახადი - „მცირე მწარმოებლებისთვის ეს ბარიერი ხშირად დაუძლეველია“, - აცხადებს ის.
ანგარიშსწორების დისკრიმინაციული პირობები - მიხეილ გაფრინდაშვილის ინფორმაციით, მწარმოებლები თანხას 90 დღის დაგვიანებით იღებენ, რაც საბრუნავი სახსრების პრობლემას ქმნის.
„მწარმოებელი მიდის ბანკში, იღებს სესხს, რათა 3-თვიანი ლოდინის პერიოდში ფუნქციონირება შეძლოს. სესხის პროცენტი კი საბოლოოდ პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება“, - განმარტავს ბიზნესის კონსულტანტი.
"წერტილთან“ ინტერვიუში მიხეილ გაფრინდაშვილი „ფასების კომისიის“ სარეკომენდაციო ნაწილსაც შეეხო, სადაც განხილული იყო მოდელები, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სასურსათო პროდუქციის გაიაფებისთვის მიმართეს. მათ შორის არის საბერძნეთის მაგალითი - ე.წ. „საოჯახო კალათი“ (Household Basket) პროგრამა საბერძნეთის მთავრობამ 2022 წელს დანერგა. მოდელი ეფუძნება არა - ფასების პირდაპირ ზედა ზღვარს, არამედ რეფერენტულ საფასო მიდგომას, რომლის მიზანია, მომხმარებლისთვის კონკურენტული და ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფა.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის მოდელი მოიწონა „რითეილ ასოციაციამაც“, რომელიც მსხვილ ქსელურ მარკეტებს აერთიანებს, თუმცა მიხეილ გაფრინდაშვილი ხელისუფლებისა და ბიზნესის მიერ დაანონსებულ „საოჯახო კალათას“ (ბერძნულ მოდელს) სკეპტიკურად უყურებს და მას უფრო „ბიზნესის თავდაცვით რეაქციას“ უწოდებს, ვიდრე ფუნდამენტურ გამოსავალს.
„ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე მთავრობა“ - აღნიშნა მან.
მიხეილ გაფრინდაშვილის აზრით, საქართველოსთვის უფრო ეფექტური ლატვიის მოდელი იქნებოდა, რომელიც სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:
1. დისკრიმინაციული ფასების აღმოფხვრა: ქსელს უნდა აეკრძალოს მწარმოებლისგან პროდუქტის თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შესყიდვა (განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შემთხვევაში).
2. ასორტიმენტის შეუზღუდაობა: ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.
3. კონკურენციის სააგენტოს როლის ტრანსფორმაცია: „მისი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ იმის შემოწმება, ვინმე ხომ არ არღვევს კონკურენციას; მისი მოვალეობა კონკურენციის გაძლიერების ხელშეწყობა უნდა იყოს“, - აღნიშნა ბიზნესის მრჩეველმა.
„ფასების კომისიის“ დასკვნაზე საუბრისას მიხეილ გაფრინდაშვილმა გაიხსენა ფარმაცევტულ სექტორში რეფერენტული ფასების დაწესების გამოცდილებაც - მიუხედავად იმისა, რომ ფასები შემცირდა, ბაზრიდან გაქრა მაღალი ხარისხის მედიკამენტები, რომლებიც დადგენილ საფასო ზღვარში ვერ ჩაეტია. ის შიშობს, რომ სურსათის შემთხვევაშიც, არასწორმა რეგულაციებმა შესაძლოა მსგავსი შედეგი - ხარისხიანი პროდუქციის დეფიციტი გამოიწვიოს.




























