მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კარგია, მაგრამ არასაკმარისი" - როგორ აფასებს "ინნ ჯგუფი" ტურიზმის ზრდას?

ერეკლე კოკაია

ინნ ჯგუფისაღმასრულებელი დირექტორის, ერეკლე კოკაიას შეფასებით, წლის პირველი ნახევრის ტურიზმის ზრდის მაჩვენებლები კარგია, თუმცა საკმარისი არაა, რათა ინდუსტრია ფინანსურად პანდემიამდელ დონეს დაუბრუნდეს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის I-II კვარტალში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 5.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იანვარ-ივნისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები წლიურად 10%-ით გაიზარდა და 2 123 816 შეადგინა.

როგორც ერეკლე კოკაიამ BMG-სთან, არსებულ ტენდენციებზე საუბრისას განაცხადა, ტურიზმის ინდუსტრიის ხარჯების ზრდა მკვეთრად აჭარბებს შემოსავლების მატებას და საქართველოში კიდევ ბევრად მეტი ტურისტია ჩამოსაყვანი.

მისივე თქმით, წელს ინნ ჯგუფისსასტუმროებში ზრდა მოლოდინის შესაბამისია.

„ახლა, რეალურად ვეწევით 2019 წლის მაჩვენებელს. სტატისტიკურად რომ გავაანალიზოთ, დიახ, 5%-იანი ზრდა შეიძლება მართლაც არის წინა წელთან შედარებით, მაგრამ რეალურად შემოსავალი 2019 წელთან შედარებით, პირობითად 1-2%-ით ან თუნდაც 10%-ით თუ გაიზარდა, ხარჯებში თითქმის 70-100%-იანი ზრდაა. ამიტომ ეს ზრდა, მიუხედავად იმისა რომ კარგია, არაა საკმარისი, რომ ინდუსტრია პანდემიამდელ ძლიერ ფინანსურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. საქართველოში ბევრად მეტი ტურისტია კიდევ ჩამოსაყვანი“,- აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.

მისივე თქმით, სურათის შეფასებისას ვიზიტორი და ტურისტი უნდა გაიმიჯნოს, რადგან ყველა ვიზიტორი ტურისტი არაა, ამაზე კი ის მეტყველებს, რომ ქვეყანა ყველაზე მეტ ვიზიტორს თურქეთიდან და რუსეთიდან იღებს, რაც სასტუმროების ჯავშნებში არაა ასახული.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც უცხოეთის მოქალაქეა და 24 საათს დაყოფს საქართველოში, ითვლება ვიზიტორად, თუმცა ნებისმიერი ვიზიტორი არ არის ტურისტი. ამის კარგი მაჩვენებელი ისაა, რომ ვიზიტორების მხრივ პირველი ორი ქვეყანა თურქეთი და რუსეთია, თუმცა სასტუმროების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ორივე ბაზარზე ერთად 10%-იც კი არაა“,- ამბობს ინნ ჯგუფისაღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, „ინნ ჯგუფი“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს. კერძოდ, "ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები