მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კაროლ ნავროცკიმ ფიცი დადო - ვინ არის პოლონეთის ახალი პრეზიდენტი?

პოლონეთი
BM. GE
06.08.25 16:49
573

პოლონეთში ახლად არჩეული პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. კონსერვატიული კანონისა და სამართლის პარტიის რჩეულმა კანდიდატმა ლიბერალი კონკურენტი, რაფალ ტრჟასკოვსი 2 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა. მან ხმების 50.89% მიიღო. ნავროცკის გამარჯვება ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. ახალი კონსერვატორი პრეზიდენტი პროდასავლური შეხედულებებისადმი საკმაოდ კრიტიკულია და, სავარაუდოდ, არც სახელისუფლებო გუნდის ინიციატივებისთვის ვეტოს დადებას მოერიდება. ფიცის დადებიდან მალევე პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა სწორედ ამ საკითხს გაუსვა ხაზი.

"მე ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელების წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა გაერთიანების მიერ პოლონეთისთვის გადაწყვეტილებების მიღების სუვერენული უფლების ჩამორთმევას არასდროს დავუჭერ მხარს", - განაცხადა ნავროცკიმ.

ახალმა პრეზიდენტმა პოლონეთის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წლებში ქვეყანა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეს.

"ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ პოლონური არმია NATO-ს წევრ ევროკავშირის სახელმწიფოთა შორის ყველაზე მეტად გაიზარდოს და განვითარდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრის მთავარი მცველები", - თქვა ახალმა პრეზიდენტმა.

42 წლის კაროლ ნავროცკი, რომელიც პოლონეთის ქალაქ გდანსკში დაიბადა, პროფესიით ისტორიკოსია და დოქტორის ხარისხსაც ფლობს. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ის ეროვნული ხსოვნის ინსტიტუტსა და მეორე მსოფლიო ომის მუზეუმს ხელმძღვანელობდა. ნავროცკი მკაფიოდ გამოხატავს კონსერვატორულ შეხედულებებს და უჭერს მხარს სუვერენიტეტის გაძლიერების პოლიტიკას. ის ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირში მიღებულ გადაწყვეტილებებს და გაერთიანებასთან ურთიერთობების დამატებით გაღრმავებას ეწინააღმდეგება. აღსანიშნავია, რომ ნავროცკის შეხედულები საკმაოდ ახლოსაა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი მხარდამჭერი MAGA მოძრაობის იდეოლოგიასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები