2025 წელს საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის იანვარ-დეკემბერში, საქართველომ კარტოფილის ექსპორტიდან 27.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო და საერთაშორისო ბაზრებზე 82 522 ტონა პროდუქცია გაყიდა. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის ღირებულება 7.5 მლნ დოლარს, ხოლო მოცულობა 35 002 ტონას შეადგენდა. შედეგად, ექსპორტი ღირებულებაში 261.6%-ით, ხოლო მოცულობაში 135.7%-ით გაიზარდა.
2025 წელს საქართველოსთვის კარტოფილის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი რუსეთი იყო. აღნიშნულ მიმართულებაზე ექსპორტმა 20.5 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მიწოდებულმა მოცულობამ - 50 347 ტონა.
მნიშვნელოვანი მოცულობები დაფიქსირდა სხვა ბაზრებზეც: აზერბაიჯანში ექსპორტმა 4.4 მლნ დოლარი და 24 320 ტონა შეადგინა, ბელარუსში – 1.3 მლნ დოლარი და 3 302 ტონა, ხოლო სომხეთში – 801 ათასი დოლარი და 3 766 ტონა. შედარებით მცირე რაოდენობით კარტოფილი საქართველოდან გავიდა ყაზახეთში, თურქმენეთში, მოლდოვასა და უზბეკეთშიც.
რაც შეეხება იმპორტს, 2025 წელს საქართველოში კარტოფილის იმპორტი თითქმის გაორმაგდა.
2025 წლის იანვარ-დეკემბერში ქვეყანაში კარტოფილის იმპორტმა 2.9 მლნ აშშ დოლარი და 8 768 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტის ღირებულება 1.9 მლნ დოლარი იყო, ხოლო მოცულობა - 6 055 ტონა. შედეგად, იმპორტი ღირებულებაში 49.5%-ით, ხოლო მოცულობაში 44.8%-ით გაიზარდა.
გასულ წელს, კარტოფილის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო. აღნიშნული ქვეყნიდან საქართველოში შემოვიდა 6 705 ტონა კარტოფილი, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ დოლარი შეადგინა.
თურქეთის შემდეგ უმსხვილესი მომწოდებლები იყვნენ ეგვიპტე - 562 ათასი დოლარი და 989 ტონა, აზერბაიჯანი - 416 ათასი დოლარი და 1 006 ტონა. შედარებით მცირე მოცულობები დაფიქსირდა პაკისტანიდან და უზბეკეთიდან.




























