როგორც 2023 წლის ბოლოს გახდა ცნობილი, ქართველი ანტრეპრენიორის, მიხეილ ლომთაძის მიერ ყაზახეთში დაფუძნებული ფინტეკ-კომპანია Kaspi ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე დაილისტება. როგორც კომპანიის მიერ აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიისთვის (SEC) წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, ყაზახური კომპანია ამერიკულ ბირჟაზე ცხრა მილიონ აქციას გაყიდის, რომელთა ღირებულება, დღევანდელი ფასებით, $873 მილიონს შეადგენს. ყაზახური Kaspi, ამ ეტაპზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, სადაც კომპანიის ერთი აქცია ინვესტორების მიერ 97 დოლარადაა შეფასებული.
დოკუმენტით ისიც გახდა ცნობილი, რომ აქციებს გასაყიდად კომპანიის თავმჯდომარე, ვიაჩესლავ კიმი, აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მიხეილ ლომთაძე და ერთ-ერთი აქციონერი, Asia Equity Partners-ი გამოიტანენ, ანუ თავად კომპანია აქციების გასხვისებით პირდაპირ სარგებელს არ მიიღებს. თუმცა, ცხადია, Kaspi მიიღებს ირიბ სარგებელს, რომელიც ამერიკულ საფონდო ბირჟაზე პირველადი საჯარო განთავსების შედეგად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის, ანუ ღირებულების გაზრდით იქნება განპირობებული. როგორც SEC-ისთვის წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, IPO-ს შედეგად, კომპანიის ღირებულება $18 მილიარდს გაუტოლდება.
ფინანსური პროდუქტების გარდა, Kaspi-ის აპლიკაციაში შეხვდებით, როგორც ონლაინმაღაზიებს, ასევე ცენტრალურ აზიაში ონლაინგადახდების ერთ-ერთ უდიდეს პლატფორმას, სადაზღვევო პროდუქტებს და ქლაუდ-სერვისებსაც კი. მარტივად რომ ვთქვათ, Kaspi სუპერ აპია, ანუ აპლიკაცია, რომელიც ყველაფერს აერთიანებს. გასული წლის სამ კვარტალში, Kaspi-მ $2.83 მილიარდის შემოსავალი და $1.27 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.