მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კასპის რიგ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია ან არ არის დასაბუთებული - აუდიტი

კასპი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მართვა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ხორციელდებოდა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტში რიგ ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია ან სათანადოდ არ არის დასაბუთებული, ასევე მერიას არ აქვს დაწესებული ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები მათ საქმიანობაზე.

დოკუმენტის მიხედვით, 2022-2023 წლებში მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა 7 ა(ა)იპ და 1 შპს, რომელთა დაფინანსებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 19,503.6 ათასი ლარი გამოიყო, რაც მუნიციპალიტეტის გადასახდელების დაახლოებით 32%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში აღნიშნულ სუბიექტებში 1264-1276 ადამიანი იყო დასაქმებული და მათი შრომის ანაზღაურებაზე 14,308.1 ათასი ლარი დაიხარჯა, რაც მიღებული დაფინანსების 73.4%-ია.

აუდიტის მიხედვით, რამდენიმე ორგანიზაციაში გამოვლინდა საკადრო მართვის პრობლემები. მაგალითად, ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანებამ“ ვერ დაასაბუთა 14 საშტატო ერთეულის საჭიროება, ხოლო თანამშრომელთა ნაწილის ფუნქცია-მოვალეობები დუბლირებულია, მათ შორის 15-21 სპეციალისტი დაქირავებულია ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობისათვის.

ასევე, ა(ა)იპ „კასპის მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების გაერთიანებაში“ დასაქმებული 40-44 პირის უფლება-მოვალეობები სათანადოდ არ არის დასაბუთებული, ხოლო რიგი თანამშრომლების საქმიანობა დუბლირებულია. მსგავსი ხარვეზები გამოვლინდა სხვა ორგანიზაციებშიც, მათ შორის „სოფლის წყალში“ და ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში.

აუდიტმა ასევე გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე პირი ერთდროულად ორ სხვადასხვა ა(ა)იპ-ში მუშაობდა - 2022 წელს ასეთი 3 შემთხვევა, ხოლო 2023 წელს 4 შემთხვევა დაფიქსირდა.

დოკუმენტის მიხედვით, პრობლემებია სამუშაო პირობებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, სპორტის დაწესებულებების გაერთიანების ადმინისტრაცია 30 კვ.მ ფართში მუშაობს, სადაც ერთდროულად 16 თანამშრომელია განთავსებული, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანებაში 23 თანამშრომელი 70 კვ.მ ფართში, ხოლო კულტურისა და სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში 39 თანამშრომელი 82 კვ.მ ოფისში მუშაობს. აუდიტის ჯგუფის შეფასებით, ასეთ გარემოში თანამშრომლების სრულფასოვანი განთავსება და სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვა საეჭვოა.

გარდა ამისა, აუდიტის მიხედვით, სპორტის დაწესებულებების გაერთიანებას გადაცემულ სასტუმროს შენობაში შეძენილი ინვენტარის ნაწილი - 48.3 ათასი ლარის ღირებულების ნივთები საწყობშია დასაწყობებული და არ გამოიყენება. ამავე ორგანიზაციამ 2022-2023 წლებში სასტუმროს ნომრებისა და სტადიონის გაქირავებიდან 36.6 ათასი ლარი მიიღო, თუმცა ქირავნობის ხელშეკრულებები მერიასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

აუდიტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები მერიაში არ წარადგენენ წლიურ საქმიანობის ანგარიშებს, რის გამოც მერია ვერ აფასებს მათი საქმიანობის შედეგებს.

ხარვეზები გამოვლინდა ასევე მიუსაფარი ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოსთან თანამშრომლობაშიც. მიუხედავად იმისა, რომ კასპის მუნიციპალიტეტმა 2022-2023 წლებში სააგენტოს 346.4 ათასი ლარი გადაურიცხა, აუდიტის შეფასებით, მუნიციპალიტეტი მის საქმიანობას სათანადოდ არ აკონტროლებს და ხელშეკრულებაში განსაზღვრული არ არის კონკრეტული სამუშაოები და მოსალოდნელი შედეგები.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეკომენდაციას აძლევს კასპის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს დაფუძნებული იურიდიული პირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი და ეკონომიური განკარგვის პრინციპებზე. აუდიტის შეფასებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს იურიდიული პირების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდასა და საბიუჯეტო სახსრების უფრო რაციონალურ ხარჯვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები