მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კასპში re:school-ის ფილიალი გაიხსნა - "თავდაპირველად ვებპროგრამირების პროგრამა ჩავუშვით"

სალომე მგელაძე

კასპში re:school-ის ახალი ფილიალი გაიხსნა, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ საგანმანათლებლო დაწესებულების დამფუძნებელმა, სალომე მგელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, კასპის ფილიალი ტექნოპარკის შენობაში გაიხსნა, რამაც კასპიდან, გორიდან და სხვა ახლო მდებარე სოფლებიდან ახალგაზრდებს ტექნოლოგიური განათლების მიღების შესაძლებლობა გაუჩინა. ის დასძენს, რომ კასპის რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანია ახალგაზრდებს განსხვავებულ ტარიფებს სთავაზობს, რათა ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„ჩვენთვის ეს ფილიალი არ არის ბიზნესი, ეს ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობა იქნება. რეგისტრაცია რამდენიმე დღეა რაც დაიწყო, თუმცა ინტერესიც და მოთხოვნაც შეინიშნება. ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ახალგაზრდა დარეგისტრირდება და სასწავლო პროცესს კასპშიც მალე დავიწყებთ.

თავდაპირველად ვებპროგრამირების პროგრამა ჩავუშვით, რომელიც ზოგადად ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. თუ იქნება დაინტერესება და მოთხოვნა სხვა პროგრამებზე, მათი დამატება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“, - ამბობს მგელაძე.

მისივე ცნობით, საწყის ეტაპზე, მათთვის კადრები მენტორობისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა გაფართოების კვალდაკვალ, კომპანიის ადამიანური რესურსებით ყველა ფილიალის დაფარვა გამოწვევა იქნება. შესაბამისად, re:school-მა ადგილზე კადრების მოძიება და მათი გადამზადება დაიწყო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საგანმანათლებლო დაწესებულება პერსპექტივაში re:school-ის ფილიალის გახსნას ზუგდიდშიც გეგმავს.

ინფორმაციისთვის, re:school არაფორმალური განათლების სივრცეა, სადაც 9-დან 15 წლამდე მოზარდები ციფრულ ტექნოლოგიებს სწავლობენ და თანამედროვე შრომის ბაზრისთვის მოთხოვნად უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები