მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპში ტექნოპარკი გაიხსნა – რას შესთავაზებს სივრცე ადგილობრივებს?

5f9c0a8e37609
ვიქტორია მღებრიშვილი
30.10.20 23:00
1521
კასპში ტექნოპარკი და პროფესიული სასწავლებელი გაიხსნა, - ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გახსნის ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი მონაწილეობდა.

ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამებს ინოვაციური ეკოსისტემის მხარდასაჭერად ახორციელებს. მათ შორისაა როგორც ფინანსებზე წვდომის გამარტივების და საგრანტო და აქსელერაციის კუთხით არსებული პროგრამები, ასევე საგანმანათლებო - სატრენინგო მიმართულებები.

„ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია აღნიშნული პროგრამებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს, არის ტექნოპარკების განვითარება რეგიონებში. კასპის ტექნოპარკი უზრუნველყოფს ყველა სერვისის მიწოდებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, ინოვაციებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, ტექნოპარკი დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ,“ - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში.

ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ ფრილანსერებისათვის, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

ტექნოპარკში ხელმისაწვდომი იქნება ასევე საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში. აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები