უახლოეს დღეებში კასპის რაიონის სოფელ ნიაბის და ახალქალაქის მიმდებარედ კომპანია "ზემო ვინდის" მიერ აშენებული ქარის ელექტროსადგური ელექტროენერგიის სატესტო რეჟიმში ოპერირებას დაიწყებს - ამას ითვალისწინებს ესკოსთან გაფორმებული შეთანხმება. ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 18.75 მეგავატ საათი იქნება.
"2026 წლის 02 მარტიდან ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა, „ელექტროენერგიის (სიმძალვრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ზემო ვინდ“ (ზემო ქარის ელექტროსადგურის ნაწილში), როგორც ელექტროსადგური საცდელი გაშვების ან/და კომპლექსური გასინჯვის პერიოდში,"- ნათქვამია ესკოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
BMG-სთან კომპანიის დირექტორი, გიორგი კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ სადგური საცდელ ოპერირებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.
ელექტროსადგური მოიცავს ჩინური Goldwind-ის ტურბინებს, რომელთა პარამეტრებიცაა - კოშკის სიმაღლე - 105 მეტრი; როტორის დიამეტრი - 171 მეტრი; ერთეულის სიმძლავრე - 6.25 მეგავატი. სადგური წლიურად 67 მილიონ კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შპს "ზემო ვინდი" 2022 წელს არის დაფუძნებული. მისი 100%-იან წილის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. კომპანიის ამონაწერის თანახმად, პროექტი "საქართველოს ბანკის" საკრედიტო დაფინანსებით ხორციელდება.
გარდა აღნიშნული პროექტისა, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, სულხან პაპაშვილი ფლობს 50%-ის წილს კომპანია "პირველში", რომელიც შიდა ქართლში, სოფლების - უფლისციხის და შავშვების მიმდებარედ 112-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის პროექტს ავითარებს.



























