ესპანეთის ავტონომიური რეგიონი კატალონია 2040 წლამდე წყლის ქრონიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად €2.3 მილიარდს დახარჯავს. რეგიონული მთავრობის განცხადებით, მიზანი წვიმიან ამინდზე დამოკიდებულების შემცირება და წყლის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფაა.
წყლის მენეჯმენტის ახალი სტრატეგია გასულ კვირას რეგიონის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სალვადორ ილამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, სტრატეგიის ამოცანა კატალონიაში წყლის მწვავე სიმცირის თავიდან არიდებაა იმ ფონზე, რომ რეგიონი ზედიზედ 4 წელია გვალვას ებრძვის.
სტრატეგიისთვის გამოყოფილი თანხის ნახევარი სხვადასხვა პროექტისთვის უკვე გამოყოფილია. ერთ-ერთი ასეთი პროექტი კოსტა-ბრავაში დესალინაციის (წყლის გაფილტვრა მინერალური მარილებისგან) სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რაც, საშუალოდ, €200 მილიონი ჯდება და ესპანეთის ცენტრალურ მთავრობასთან თანამშრომლობას მოითხოვს.
მთავრობის განცხადებით, ამ და სხვა მსგავს პროექტებზე მუშაობის გარდა, ინვესტიცია რეგიონის მასშტაბით მილსადენების შეცვლასაც მოხმარდება.
მწვავე გვალვის გამო საგანგებო მდგომარეობა კატალონიაში მიმდინარე წლის თებერვალში გამოცხადდა. ამ პერიოდში წყალსატევებში წყლის დონე 16%-მდე დაეცა, რაც საშუალოზე დაბალი ნალექით იყო განპირობებული. კატალონიის გვალვა თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე შემთხვევაა.
რეგიონულმა მთავრობამ საცურაო აუზებისა და მწვანე საფარის მორწყვის აკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღო. კატალონიის რეზიდენტებისთვის დღეში მხოლოდ 200 ლიტრი წყლის გამოყენებაა დაშვებული, შეზღუდვები კი გაცილებით მწვავეა აგრონომიაში.
საგანგებო მდგომარეობა კატალონიაში მაისიდან მოიხსნა, თუმცა რეზერვუარებში წყლის დონე 20%-ს კვლავ არ აღემატება.