„ოცნების“ მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, კატარი საქართველოსთვის შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი გახდეს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური და საინვესტიციო კუთხით თანამშრომლობა. კატარი ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი შეიძლება გახდეს საქართველოსთვის - 2024 წელს კატარიდან ინვესტიციებმა დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და ჩვენი მოლოდინით, ინვესტიციების მოცულობა მომავალში კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს მთავრობებს შორის 2022 წლიდან მოქმედებს შეთანხმება ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ, რომელიც დამატებით ინიციატივებს ქმნის საინვესტიციო ნაკადების შემდგომი ხელშეწყობისთვის. კიდევ ერთი შეთანხმება კი ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ლევან დავითაშვილი კატარელ კოლეგასთან შეხვედრას საინტერესოს უწოდებს და იმ საკითხებს ასახელებს, რომელიც შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანისთან განიხილა.
„საუბარი შეეხო საინვესტიციო მიმართულებით თანამშრომლობას, ქვეყნებს შორის ტურისტული, სავაჭრო მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს. ზოგადად კატარი და მისი ხელისუფლება ძალიან დადებითად არის საქართველოს მიმართ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მაღალ დონეზე შედგება ორმხრივი ვიზიტები როგორც კატარიდან, ისე საქართველოდან და ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით იმართება და მასში 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი მონაწილეობს როგორ ყურის ქვეყნებიდან, ისე მთელი მსოფლიოდან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყურის ქვეყნების წარმომადგენლებთან. მისი ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა სექტორული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას როგორც კატართან, ყურის სხვა ქვეყნებთან.
ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრ ფაისალ ალ იბრაჰიმთან. ორი ქვეყნის ეკონომიკური უწყებების ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამისთვის უკვე შექმნილია ეკონომიკური თანამშრომლობის ფორმალური პლატფორმა, სადაც მონაწილეობენ ბიზნესმენები საქართველოდან და საუდის არაბეთიდან.