მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კატარის დედაქალაქში ქართული რესტორანი „მოსავალი“ გაიხსნა - ინვესტიცია $5 მილიონია

640603c455a45
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.23 19:22
4202
მიმდინარე წლის თებერვალში კომპანია „ვილლა მოსავალმა“ კატარელ პარტნიორებთან ერთად, კატარის დედაქალაქ დოჰაში ქართული კონცეფციის რესტორანი „მოსავალი“ გახსნა.

დაახლოებით 250 ადამიანზე გათვლილი რესტორანი „მოსავალი“ სრულად ქართული კონცეფციისაა, ინტერიერი ქართული ორნამენტებით არის გაფორმებული, მომსახურე პერსონალს კი ქართული სამოსითაა შემოსილი. როგორც კომპანია „ვილა მოსავალის“ გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ შეყრილაძე BM.GE-სთან ამბობს, დოჰაში ქართული რესტორნის გახსნის იდეა და სურვილი საქართველოში ჩამოსული კატარის მოქალაქეების მხრიდან გაჩნდა და რესტორანიც ქართულ-კატარული ინვესტიციით ამოქმედდა. რესტორანი დიდ სავაჭრო ცენტრში მდებარეობს, რომელიც ტურისტულად მიმზიდველ ადგილას სულ ახლახან აშენდა.



“დაახლოებით 1.5 წლის წინ ჩვენს სასტუმროსა და რესტორან „ვილა მოსავალს“, რომელიც თბილისთან ახლოს სოფელ ახალუბანში მდებარეობს კატარიდან სტუმრები ეწვივნენ, რომლებსაც ჩვენი მზარეულის კერძები ძალიან მოეწონათ და მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე ჩამოვიდნენ. მათ სურვილი გამოხატეს, რომ ქართული კონცეფციის რესტორანი დოჰაში გაგვეხსნა და სწორედ მაშინ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. "ვილა მოსავლისა" დამფუძნებლისა და კატარელი პარტნიორების 5 მლნ დოლარიანი ინვესტიციით, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვა, რომ დოჰაში ჩვენი მეორე რესტორანი მოქმედებს, რომელიც სრულად ქართული კონცეფციის არის“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.



დოჰაში გახსნილი ახალი რესტორნის მეწილეებს დიდი მოლოდინები აქვთ და ამბობენ, რომ ინტერესი ქართული კვების ობიექტის მიმართ, რომელიც კატარში ქართულ კულტურას და გასტრონომიას წარადგენს, დიდია.

„სულ მალე, რესტორანში ქართულ სამზარეულოს კერძებთან ერთად მოსულ სტუმრებს ასევე „ვილა მოსავლის“ ღვინოების დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნია ისიც, რომ საქართველოდან ვგზავნით სანელებლებს, რათა კერძების ავთენტური გემოები შევინარჩუნოთ. იმისთვის, რომ ჩვენი კატარელი სტუმრებისთვის, ქართული გემოები მაქსიმალურად ზუსტად მიგვეტანა „ვილა მოსავალიდან“ გამოცდილი კადრები გავგზავნეთ, ვინც წლებია ჩვენთან მუშაობს. დღეს კატარის რესტორანში 80 ადამიანია დასაქმებული. მათი უმრავლესობა ქართველია, ნაწილი კი ადგილობრივია“, - განაცხადა ნიკოლოზ შეყრილაძემ.

აღსანიშნია, რომ "ვილლა მოსავალს" კატარის დედაქალაქში რესტორნის მართვის გამოცდილება უკვე აქვს. კომპანია დოჰაში რესტორან "ალ ტერასს" მართავს, რომელიც გასულ წელს ფეხბურთის ჩემპიონატის მსვლელობისას უკვე ფუნქციონირებდა. 


ცნობისთვის: კომპანია "ვილლა მოსავალი" საქართველოში 2018 წელს დაფუძნდა. დღეისთვის კომპანია თბილისთან ახლოს სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექსს "ვილა მოსავალს" მართავს, რომელიც რესტორნებს და ასევე მასთან არსებულ მეღვინეობას აერთიანებს. მეღვინეობა "ვილა მოსავალი" წლიურად 22 დასახელების 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზართან ერთად, საექსპორტო ქვეყნებში ყიდის. მეწარმეთა რეესტრის მიხედვით საქართველოში რეგისტრირებული კომპანია "ვილლა მოსავალის" 70%-იანი წილის მფლობელი მიხეილ შეყრილაძეა, 30%-ის კი ქართლოს დიასამიძე. 

კომპანიის გენერალური მენეჯერის ნიკოზოლ შეყრილაძის ინფორმაციით, დოჰაში რესტორნის ასამოქმედებლად მიხეილ შეყრილაძემ კატარელ პარტნიორთან ერთად კომპანია "მოსავალი დოჰა" დააფუძნა, სწორედ ეს კომპანია მართავს კატარის დედაქალაქში მოქმედ რესტორანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები