მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კატარმა 2036 წლის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა

კატარი 2036

კატარის ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი განაცხადი 2036 წლის ოლიმპიური და პარლიმპური თამაშების მასპინძლობაზე. კომიტეტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან შერჩევის პროცესის ფარგლებში.

კატარი ბოლო წლებში არაერთ მსხვილ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობდა — მათ შორის, 2019 წლის მსოფლიო მძლეოსნობის ჩემპიონატსა და 2022 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს, რომელმაც საერთაშორისო დონეზე დიდი კრიტიკა გამოიწვია ჰომოსექსუალების კრიმინალიზაციისა და შრომის არასათანადო პირობების გამო. მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდა შვიდი ახალი სტადიონი და გათვალისწინებული იქნა ტურნირის თარიღის ზაფხულიდან ზამთარში გადატანა მაღალი ტემპერატურის გამო.

QOC-ის პრეზიდენტის, შეიხ ჯოან ბინ ჰამად ალ თანის განცხადებით, კატარს უკვე გააჩნია თამაშებისთვის საჭირო სპორტული ინფრასტრუქტურის 95%, ხოლო დანარჩენის სრულ მზადყოფნას უზრუნველყოფს ეროვნული სტრატეგიული გეგმა, რომელიც სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მდგრადობის პრინციპებზეა დაფუძნებული. მისი თქმით, მათი მიზანი მხოლოდ წარმატებული თამაშების ჩატარება არ არის, არამედ გლობალური გამოცდილების მიწოდება, რომელიც გამოკვეთავს ინკლუზიურობის, მდგრადობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

წარსულში კატარის მცდელობები 2016 და 2020 წლების თამაშების ჩატარებაზე წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც ინფრასტრუქტურული მზადყოფნისა და კლიმატური პირობების მიმართ სკეპტიციზმით იყო განპირობებული.

2036 წლისთვის უკვე ოფიციალურად განაცხადი გააკეთეს ინდონეზიის, თურქეთის, ინდოეთისა და ჩილეს ქალაქებმა. 2028 წლის თამაშებს ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს, ხოლო 2032 წელს ოლიმპიადა ავსტრალიაში, ბრიზბენში ჩატარდება.

QOC-ის განცხადებით, კატარის სპორტული ობიექტები უკვე არაერთი მსოფლიო ჩემპიონატისა და მრავალსპორტული ტურნირის ფარგლებშია გამოცდილი. ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება ATP და WTA-ის ტურნირები, ფორმულა 1-ის გრან-პრი, Diamond League-ის დოჰას ეტაპი, ასევე სხვა მაღალი დონის ჩემპიონატები, მათ შორის წყლის სახეობებში (2024) და ხელბურთში (2015).

დოჰასთვის ეს იქნება მესამე მცდელობა. წარსულში ქალაქი ორჯერ ვერ მოხვდა მოკლე სიაში — მცირე ზომის, მაღალი ტემპერატურის და არასაკმარისი გლობალური მძლავრობის გამო. ასევე არსებობდა შეშფოთება დემოკრატიის, ლგბტქ უფლებების, მედიის თავისუფლებისა და შრომის უფლებებთან დაკავშირებით.

თუმცა კატარი არ დანებდა და ბოლო წლებში არაერთი საერთაშორისო ჩემპიონატის მასპინძლობით თავისი პოზიციები საგრძნობლად გააძლიერა. ქვეყანამ დააკმაყოფილა ინფრასტრუქტურული მოთხოვნები — აქვს ახალი აეროპორტი, მეტრო, სასტუმროები და თითქმის ყველა საჭირო ობიექტი. დოჰას დღეს არსებითად განსხვავებული შესაძლებლობები აქვს, ვიდრე 2007 წელს, როდესაც პირველად წარადგინა თავისი კანდიდატურა.

საბოლოოდ, დოჰა ნამდვილად აღარ არის ისეთი სუსტი კანდიდატი, როგორიც წარსულში იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლაც რთული იქნება მისთვის გამარჯვების მოპოვება — განსაკუთრებით ინდოეთთან კონკურენციაში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სპორტული აუდიტორიით გამოირჩევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები