მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კატეგორიულად არ გვსურს ომის შავ ზღვაში გავრცელება" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინა

კიევში ვიზიტისას თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებების შავ ზღვაზე გავრცელებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ფიდანის თქმით, შავ ზღვაში სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც. სწორედ ამიტომ, თურქეთი მოუწოდებს მხარეებს, თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარას პოზიცია უცვლელი რჩება.

"როგორც ყოველთვის ვამბობდით: ჩვენ კატეგორიულად არ გვსურს ომის შავ ზღვაში გავრცელება. შავ ზღვაში მშვიდობის შენარჩუნება აუცილებელი წინაპირობაა", – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

მან ასევე ყურადღება სამოქალაქო ნაოსნობის მდგომარეობაზე გაამახვილა. მინისტრის თქმით, თავდასხმები პორტებზე, ტანკერებსა და თევზსაჭერ გემებზე საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას და მათი გამართლება შეუძლებელია.

"პორტებზე, ტანკერებსა და თევზსაჭერ გემებზე მიზანმიმართული თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო პირების სიცოცხლეს, მიუღებელია", – აღნიშნა მან.

ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული ვითარება კონფლიქტის ყველა მხარისგან თავშეკავებას მოითხოვს.

"ყველა მხარემ გონივრულად და პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს", – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანკარამ არაერთხელ განაცხადა, რომ ერთგული რჩება შავ ზღვაში უსაფრთხოების დაცვის პრინციპის, რადგან ეს რეგიონი სტრატეგიული მნიშვნელობისაა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, ნაოსნობისა და სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის წინა ვიზიტი უკრაინაში 2025 წლის მაისის ბოლოს შედგა. მაშინაც, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავ ზღვაში უსაფრთხოების მდგომარეობა იყო, რასაც ანკარა რეგიონის სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები