მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

შავი ზღვა

ოთხშაბათს შავ ზღვაში, უცხოური დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ TEDY-ზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი აზერბაიჯანელი წევრი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, დაღუპულები ასლან ალიევი და ასიმ გასამოვი არიან.

თავდასხმისას დაშავდა აზერბაიჯანის კიდევ ორი მოქალაქე - იმრან ნოვრუზოვი და რაუფ ალიევი. ისინი უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კოორდინაციაშია აზერბაიჯანის დიპლომატიურ მისიებთან და შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან. მიიღება ზომები დაშავებული მოქალაქეებისთვის აუცილებელი საკონსულო დახმარების გასაწევად, რათა სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ მათი აზერბაიჯანში დაბრუნება მოხერხდეს. ასევე ხორციელდება საჭირო პროცედურები დაღუპულთა ცხედრების გადმოსასვენებლად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისეთ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების კუთხით არასტაბილური ვითარებაა, ასევე მსგავს ტერიტორიებზე დასაქმებისა და აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის საექსპორტო ტერმინალებსა და გემებზე ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ. აღნიშნულმა ესკალაციამ, ომის 4.5 წლის განმავლობაში, შავი ზღვით ვაჭრობისთვის ყველაზე სერიოზული რისკები შექმნა.

აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელმა მხარემ განახორციელა თავდასხმა ოთხშაბათს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები