კავკასიის უნივერსიტეტი ნუგზარ სხირტლაძის სახელობის 2026 წლის სასკოლო ოლიმპიადას იწყებს. ოლიმპიადა სამ საგანში ჩატარდება: მათემატიკა, ისტორია და ხელოვნური ინტელექტი. მასში მონაწილეობა შეუძლიათ IX–XII კლასის მოსწავლეებს.
ნუგზარ სხირტლაძე კავკასიის უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და სასწავლო დარგში ვიცე-პრეზიდენტი იყო. იგი დამსახურებული პროფესორი, მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი და ღირსების ორდენის კავალერი გახლდათ. ოლიმპიადა სწორედ მისი სახელობისაა.
„ბატონ ნუგზარს სიცოცხლეშივე სურდა, რომ უნივერსიტეტს ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობის მსგავსი ინიციატივა განევითარებინა და სკოლის მოსწავლეებისთვის ინტელექტუალური შეჯიბრის სივრცე შეექმნა. დღეს ეს სურვილი ამ ოლიმპიადის სახით ხორციელდება. მჯერა, რომ ის გახდება ახალგაზრდებისთვის სწავლისა და თვითგანვითარების მნიშვნელოვანი სტიმული და ბატონი ნუგზარის სახელის ღირსეული გაგრძელება“ - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ონლაინ პლატფორმაზე, olympiad.cu.edu.ge-ზე უნდა გაიაროთ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 17 დეკემბერს, 18:00 საათზე დასრულდება.
ოლიმპიადის ყველა ტურში მონაწილეობა უფასოა.
პირველი ტური ონლაინ ჩატარდება, განრიგი:
- მათემატიკა - 18 დეკემბერი (კლასების მიხედვით 10:00–16:00)
- ხელოვნური ინტელექტი - 19 დეკემბერი, 11:00
- ისტორია - 25 დეკემბერი (კლასების მიხედვით 10:00–16:00)
ფინალური ტური კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, 5-დან 7 თებერვლამდე გაიმართება. ფინალურ ტურში გასული ყველა მონაწილე სერტიფიკატს მიიღებს. I-III ადგილიზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცემათ შესაბამისი ხარისხის დიპლომები და სპეციალური პრიზები, ხოლო გამარჯვებული მოსწავლეების მასწავლებლები უნივერსიტეტისგან მადლობის წერილებს მიიღებენ.
ოლიმპიადის დეტალური პირობები დებულებაშია, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
























