IT კომპანია SPRIBE-ის თანადამფუძნებელი დავით ნატროშვილი კავკასიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კარიერული განვითარების პროგრამას „ცოდნის ელჩებს“ შეუერთდა და 10 ახალგაზრდის განათლებაში გრძელვადიან ინვესტიციას განახორციელებს.
„ცოდნის ელჩების“ პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის ინიციატივაა, რომლის მიზანია განათლებაში ინვესტირების კულტურის ჩამოყალიბება და ახალგაზრდებისთვის განათლების, მენტორობისა და პროფესიული განვითარების რეალური შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მასშტაბით.
პროგრამა აერთიანებს ბიზნესს, კურსდამთავრებულებსა და საზოგადოების წარმატებულ წარმომადგენლებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და რესურსი მომავალი თაობის შესაძლებლობად აქციონ.
პროგრამის პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აფხაზეთში სკოლადამთავრებული ახალგაზრდების მხარდაჭერას.
„ჩვენ გვინდა, განათლებაში ინვესტირება ბუნებრივ კულტურად იქცეს საქართველოში. როდესაც წარმატებული ადამიანები და კომპანიები ახალგაზრდების განვითარებაში ერთვებიან, ისინი ადამიანის მომავალს ქმნიან და ქვეყნის განვითარებაში დებენ ინვესტიციას.
გვჯერა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც დღეს „ცოდნის ელჩების“ დახმარებით მიიღებენ განათლებასა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მომავალში თავადაც გახდებიან სხვებისთვის ცოდნის ელჩები, გაუზიარებენ გამოცდილებას, შექმნიან ახალ შესაძლებლობებს და გააგრძელებენ მხარდაჭერის ამ ჯაჭვს.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება ჩვენი პროგრამა და სწორედ ასეთი პარტნიორების ჩართულობით ვაშენებთ გრძელვადიან საგანმანათლებლო ეკოსისტემას.“ - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.
კავკასიის უნივერსიტეტი „ცოდნის ელჩების“ პროგრამის ეტაპობრივ გაფართოებასა და ახალი პარტნიორების ჩართვას გეგმავს, რათა განათლებაში ინვესტირების მოდელმა მომავალში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მისცეს პროფესიული განვითარების და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შანსი.




























