მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კავკასუსში” სპეცმმართველის დანიშვნით საქართველო ციფრულ ჰაბად გარდაქმნის შანსს კარგავს - ეკონომისტი

60b8bb5b37de5
BM.GE
03.06.21 15:37
1143
ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, საქართველო ციფრულ ჰაბად გარდაქმნის შესაძლებლობას კარგავს, ამის მიზეზად გერლიანი კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნას ასახელებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ახალი ციფრული დერეფანის განვითარება ფერხდება.

“იმ პირობებში, როდესაც სპეციალური მმართველი არის შეყვანილი კომპანიაში, გამოდის, რომ ვკარგავთ ამ შანსს. შანსს თუ არა იმ ძვირფას დროს მაინც ვკარავთ, რაც საჭიროა პროექტის განვითარებისთვის. ეს არის შანსი იმისა, რომ ქვეყანა გახდეს ჰაბი ციფრული ეკონომიკის მიმართულებით, ის იყოს წამყვანი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მისი ფუნქცია ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ აბრეშუმის გზაზე იყოს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. ამ მთლიან აბრეშუმის გზაზე წამყვანი როლი აქვს ციფრულ აბრეშუმის გზას,”- გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა რამაზ გერლიანმა.

შეგახსენებთ - 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია “კავკასუს ონლაინში” კომუნიკაციების კომისიის მიერ სპეციალური მმართველი არის დანიშნული. ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის ახალი ინვესტორი და მესაკუთრე Neqsol Holding-ი “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენებით ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის პროექტის განხორციელებას გეგმავდა. სწორედ Neqsol Holding-ი მის პარტნიორებთან ერთად კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის დამაკავშირებელ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს აშენებს, ამ და შავი ზღვის ფსკერზე არსებული კაბელით, რომელიც "კავკასუს ონლაინის" საკუთრებაა, ახალი ციფრული მაგისტრალი უნდა შეიქმნას. 

კომუნიკაციების კომისია დავობს, რომ “კავკასუს ონლაინის” მფლობელმა კომპანიამ მათთან წილის ნასყიდობა წინასწარ არ შეათანხმა, რითიც რეგულირების წესი დაარღვია. ამის გამო, კომისიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა, 2020 წლის ოქტომბერში კი მასში სპეციალური მმართველიც დანიშნა. კომისიის განცხადებით, სპეციალური მმართველის მოვალეობას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება წარმოადგენს, თუმცა იურისტების შეფასებით ეს შეუძლებელია, რადგან “კავკასუს ონლაინს” არ შეუძლია შეცვალოს მის მფლობელ კომპანიებს შორის დადებული გარიგება. თავად Neqsol Holding-ი კი აღნიშნავს, რომ მათ “კავკასუს ონლაინის” შესყიდვამდე კომისიის თანხმობა არ სჭირდებოდათ, რადგან გარიგება საქართველოს იურისდიქციაში არ დადებულა. ამასთანავე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტის შესახებ საქართველოს მაშინდელი მთავრობა ინფორმირებული იყო.

მხარეებს შორის დავა ამჟამად მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები