მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პასიურ ინფრასტრუქტურაზე დაშვება ტელეკომ კომპანიებს 5G ინტერნეტის დანერგვაში დაეხმარება- COMCOM

648c63d79146f
ანუკა ჯოხაძე
17.06.23 12:29
966
ტელეკომ კომპანიებს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის განვითარების მიზნით სხვა სექტორში მომუშავე კომპანიების პასიურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლება მიეცათ. ცვლილებები საქართველოს პარლამენტის მიერ სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ კანონის დამტკიცებამ უზრუნველყო. ახლადმიღებული კანონი ტელეკომოპერატირებს ელექტროენერგიის, წყლის, გაზის ან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საშუალებას აძლევს. ასევე ბიზნესი იღებს უფლებას ახლად აშენებულ მრავალბინიან შენობებზე შიდა ინფრასტრუქტურაზე ჰქონდეთ წვდომა და დაშვება.

კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე ამბობს, რომ ის რაც ახალი კანონით რეგულირდება, სფეროს მოთამაშეებისთვის 5G ქსელის განვითარების უფრო მეტ შესაძლებლობასაც მისცემს. მისი თქმით, ბაზარზე შემცირდება ციფრული უთანასწორობა და ინტერნეტ ქსელის განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

"მოგეხსენებათ, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტს სჭირდება ფართოზოლოვანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურა, რომ იყოს მაქსიმალურად განვითარებული, კარგი დაქსელვა არსებობდეს და ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე იყოს შესაძლებელი განთავსება მეხუთე თაობისთვის საჭირო გადამცემების. სწორედ ამ კანონში გაწერილი წესები დაეხმარება ახალი ტექნოლოგიის დანერგვასაც”, - ამბობს კომუნიკაციების კომისიის წევრი ეკატერინე იმედაძე.

კომუნიკაციების კომისიაში ამბობენ, რომ კანონის გარკვეული პუნქტები უკვე ძალაშია და კომისიამ ტელეკომ ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვების პირობებზე მუშაობაც დაიწყო. კომუნიკაციების კომისიის წევრი ამბობს, რომ კანონის კონკრეტული პუნქტები უკვე ძალაში შევიდა, ნაწილი კი ძალაში 2024 წლის ივლისიდან შევა. ახალი კანონის მიხედვით მარეგულირებელ კომისიას ორი ძირითადი ფუნქცია ექნება.

“მარეგულირებლის ფუნქცია განისაზღვრა ამ კანონით და ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა მოიკვლიეს. კომისიის ფუნქცია არის დავების გადაწყვეტა, დავების განხილვა იმ შემთხვევაში თუკი ვერ მოხერხდება კომერციულ პირობებში მოლაპარაკება ინფრასტრუქტურის მფლობელსა და დაშვების მაძიებელს შორის.

ეს არის ერთი ფუნქცია და მეორე ეს არის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის შექმნა, სადაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება, რა ინფრასტრუქტურა არსებობს ქვეყანაში სატელეკომუნიკაციოდ გამოყენებადი”, - ამბობს ეკატერინე იმედაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები