კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგია, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შეცვალა - ინტერნეტია. დღეს კი გავიგებთ იმას, თუ როგორ მუშაობს მეხუთე თაობის ინტერნეტი, ანუ 5G.
მონაცემების გაზიარების პროცესში ინტერნეტის მეხუთე თაობაც რადიოტალღებს იყენებს, თუმცა 4G-სთან შედარებით 5G-ს უფრო მაღალი სიხშირის ტალღები სჭირდება, უფრო კონკრეტულად კი Sub-6 სიხშირე.
გადაცემის პროცესი საკმაოდ მარტივია: თქვენი მოწყობილობა რადიო ტალღების საშუალებით სიგნალს უგზავნის ანტენას, რომელიც ამ სიგნალს აძლიერებს და შემდეგ უკვე მას ცენტრთან აგზავნის. ამ პროცესში მობილური ტელეფონიც და ტელეანძაც რადიო ტალღებს იყენებენ, მაგრამ განსხვავება მათ სიმძლავრეშია. ანტენის დახმარებით გაგზავნილ მონაცემებს ცენტრი ამუშავებს და შემდეგ უკვე მას ღია ინტერნეტში უშვებს.
პასუხის მიღებისას ან შეტყობინების შემოსვლისას პროცესი მეორდება, თუმცა პირიქით. ამ შემთხვევაში ცენტრი უკავშირდება ანძას, შემდეგ უკვე ის კი თქვენს კონკრეტულ მობილურ ტელეფონთან ამყარებს კავშირს.
მუშაობის ეს პრინციპი ინტერნეტის მეორე თუ მეხუთე თაობას შორის თითქმის იდენტურია, თუმცა განსხვავება თავად რადიო ტალღების სიხშირესა და მის სიმძლავრეშია.
მაღალი სიხშირის ტალღების წყალობით, მეხუთე თაობის ინტერნეტი 4G-სთან შედარებით თითქმის 20-ჯერ უფრო სწრაფია. მეორე უპირატესობა დაბალი დაყოვნებაა, ანუ ის დრო, რომელიც ბრძანების მიღებიდან, სიგნალის გაგზავნას და თავად ამ ბრძანების აღსრულებას სჭირდება. 5G-ის წყალობით დაყოვნება 1-10 მილიწამამდე შემცირდება. 4G-ის დაყოვნება კი დაახლოებით 30 მილიწამია. ამ შემთხვევაშიც საკმაოდ სერიოზულ განსხვავებასთან გვაქვს საქმე.
5G-ის კიდევ ერთი უპირატესობა მის დატვირთვას უკავშირდება. მეხუთე თაობის ინტერნეტს კვადრატულ კილომეტრზე ერთი მილიონი მოწყობილობის მომსახურება შეუძლია, 4G-ის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, დაახლოებით 100 ათასი მოწყობილობა. ამ ნიუანსს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.
5G-ს ერთი დიდი მინუსიც თან ახლავს. მაღალი სიხშირე ნაკლებ დისტანციას ნიშნავს, ანუ 5G-ის ოპერირებისათვის გაცილებით უფრო მეტი ანტენის და ცენტრის აშენებაა საჭირო, ვიდრე ეს 4G-ის შემთხვევაში იყო საჭირო. წინასწარი შეფასებით, გლობალურად 5G ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 3-ჯერ მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს, ვიდრე ეს 4G-ის შემთხვევაში იყო საჭირო.
"როგორ მუშაობს" BMG-ის ახალი ტელეპროექტის - TECH INFORM-ის რუბრიკაა.