მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ხელისუფლება 6G-ქსელის შექმნაზე საუბრობს - WSJ

644911088c4d4
გიორგი არონია
26.04.23 16:06
729

მსოფლიოს პირველი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ქვეყანაში 6G-ქსელის შექმნაზე ალაპარაკდა, რისთვისაც თეთრ სახლში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უმსხვილესი კორპორაციების, მთავრობისა და აკადემიური სამყაროს წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი პირველად 28 აპრილს შეიკრიბება და ქვეყანაში 6G-ქსელის შექმნის სტრატეგიაზე მუშაობას შეუდგება.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო, ასე რომ ამ მიმართულებით გააქტიურება მოულოდნელი არ არის, მით უფრო, რომ მომავალ წელს, პრეზიდენტობაზე კენჭს ჯო ბაიდენი მეორედ იყრის. ამასთან, გასათვალისწინებელია ჩინეთი, რომელიც, ბოლო წლებში, უსადენო ტექნოლოგიების მიმართულებით გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩინეთის ლიდერობას თეთრ სახლშიც აღიარებენ - უწყების ინფორმაციით, ჩინეთმა სატელეკომუნიკაციო სფერო ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად აქცია, რაც აშშ-ს არ გაუკეთებია.

სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის გარდა, ბოლო წლებში, ჩინეთმა საკუთარი პოზიციები მიკროჩიპების წარმოების, კვანტური კომპიუტერებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებითაც გაიუმჯობესა. ეს ის სფეროებია, სადაც ბოლო წლებში, ამერიკის შეერთებული შტატებიც განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება.

იმ დროს, როცა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები 6G-ქსელის შექმნაზე საუბრობენ, საქართველოში 5G-ქსელის განვითარება, ჯერაც არ დაწყებულა. 2023 წლის აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისია მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად საჭირო აუქციონის ჩასატარებლად, საჯარო კონსულტაციები დაიწყო. საჯარო კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით. მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.

აპრილის ბოლოს, საქართველოში 5G-ქსელის დანერგვის პერსპექტივებს გამოეხმაურა ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანიის, “სილქნეტის” მფლობელი კომპანიის, „სილქ როუდ ჯგუფის“ ხელმძღვანელი. როგორც გიორგი რამიშვილმა მედიასთან განაცხადა, 5G-სიხშირის მისაღებად “სილქნეტი” თითქმის მზადაა და უახლოეს მომავალში, საპილოტე პროექტებს დაიწყებს. მისივე თქმით, 5G-ის ამოქმედებისთვის სახელმწიფოს ჩართულობაც საჭიროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები