მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში 6G-ქსელის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბიუროკრატიული პროცესები დაიძრა

6G

ამერიკის შეერთებული შტატების ბიუროკრატიულ უწყებებში ახალი თაობის მობილური ინტერნეტის, 6G-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით პროცესები დაიძრა. აი, სწორედ ამაზე მიუთითებს აშშ-ის ეროვნული სატელეკომინიკაციო და ინფორმაციის ადმინისტრაციის აზრთა გამოხატვის მოთხოვნა, რომლითაც უწყებას სურს გაიგოს, თუ როგორ შეუძლია ქვეყნის ხელისუფლებას საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალი თაობის უსადენო ინტერნეტის განვითარებაში.

ეს, ცხადია, მეტად პროცედურული ნაბიჯია, რომლის საფუძველზე დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ახალი თაობის ინტერნეტზე მუშაობა დაიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ 5G-ინტერნეტი მსოფლიოში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი იყო, ასე რომ ამ მიმართულებით გააქტიურება მოულოდნელი არ არის, მით უფრო, რომ წელს, პრეზიდენტობაზე კენჭს ჯო ბაიდენი მეორედ იყრის. ამასთან, გასათვალისწინებელია ჩინეთი, რომელიც, ბოლო წლებში, უსადენო ტექნოლოგიების მიმართულებით გლობალურ ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩინეთის ლიდერობას თეთრ სახლშიც აღიარებენ - უწყების ინფორმაციით, ჩინეთმა სატელეკომუნიკაციო სფერო ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს მიმართულებად აქცია, რაც ამერიკამ ვერ მოახერხა.

სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის გარდა, ბოლო წლებში, ჩინეთმა საკუთარი პოზიციები მიკროჩიპების წარმოების, კვანტური კომპიუტერებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებითაც გაიუმჯობესა. ეს ის სფეროებია, სადაც ბოლო წლებში, ამერიკის შეერთებული შტატებიც განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება, რათა ჩინეთს დაეწიოს. შეგახსენებთ, რომ 6G-ქსელის პირველი სატესტო ცდები ჩინურმა Huawei-მ ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში ჩაატარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები