მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს ქვეყანაში იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელთაც 5G-ის მხარდაჭერა აქვს, საკმარისი არაა" - ვასილ ბერიშვილი

644593f3f1745
თამთა ჯიჯავაძე
24.04.23 00:28
1479
სტატიაში საუბარია:
დღეს ქვეყანაში იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელთაც 5G-ის მხარდაჭერა აქვს, საკმარისი არაა, - ამის შესახებ „სელფი მობაილის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა გადაცემა „Forbes-კვირაში“ 5G ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ საუბრისას აღნიშნა. მისი თქმით, კომპანია „სელფი მობაილი“ მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დანერგვით დაინტერესებულია, ვინაიდან ის ინტერნეტის სიჩქარისა და ახალი ციფრული სერვისების განვითარების მხრივ უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა, თუმცა ამ პროცესში მხოლოდ კერძო სექტორის ძალისხმევა არ იქნება საკმარისი.

„დღეს ქვეყანაში იმ მოწყობილობების რაოდენობა, რომელთაც აქვს 5G-ის მხარდაჭერა, არ არის საკმარისად ბევრი. ამას ალბათ, ბაზრის ცოტა სხვანაირი განვითარებაც სჭირდება და აქედან გამომდინარე, სწორი ბალანსია დასაცავი საინვესტიციო პაკეტსა და დაფარვის სალიცენზიო მოთხოვნებს შორის. ჯერ გამზადებული დიდი ბაზარი არ გვაქვს, ამიტომ საჭიროა ბალანსი. კომუნიკაციების კომისია ამასთან დაკავშირებით საქმის კურსშია“, - განაცხადა ვასილ ბერიშვილმა.

ცნობისთვის, 2021 წლის ბოლოს კომუნიკაციების კომისიამ დააანონსა, რომ 2022 წელს 5G ქსელის დანერგვაზე აუქციონი გამოცხადდებოდა. რამდენიმე კვირის წინ კი კომისიამ განაცხადა, რომ მე-5 თაობის მობილური ინტერნეტის, ე.წ. 5G-ის დასანერგად საჭირო აუქციონის ჩასატარებლად, საჯარო კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების მიზანია აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები აუქციონის პირობებთან დაკავშირებით. მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონების ფარგლებში დაგეგმილია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.

შეგახსენებთ, „სელფი მობაილი“ ყოფილი „ბილაინია“, რომელმაც რებრენდინგის და სახელის ცვლილების შესახებ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები