მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა კალაძე: მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას

6499737e4c59f
BM.GE
26.06.23 15:18
2845
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლით აღშფოთებულია, ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ, რადგან მათი წარსული გამოცდილება სულ სხვა რამეზე მეტყველებს.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები რუსებს ქვეყანაში ჩამოსვლისა და ბიზნესის დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერია. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი - ომის, რომელიც დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის; დავკარგეთ ტერიტორიები; საუბედუროდ, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი. გვყავს უამრავი გარდაცვლილი - მშვიდობიანი მოსახლეობა, გმირი ჯარისკაცები; დანგრეული და განადგურებული სოფლები, ქალაქები; ვიცით, რამდენად მძიმე იყო ეს ომი. მესამე-მეოთხე დღეს კი, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ და საქართველოში კონცერტები გაემართათ. მოუწოდებდნენ რუსებს, ტურისტებს, ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. ამის ვიდეოკადრებიც არსებობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს, დღეს კი ქვეყანაში ტურისტების შემოსვლას აპროტესტებენ.

„იყო მოწოდებები პარლამენტის ტრიბუნიდან. თუ არ ვცდები, შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა: რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. სააკაშვილი ყვავილებით ხელში, ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მათ ჩამოსვლას მიესალმებოდა. დღეს, ისევ ეს ადამიანები, გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, რომ თურმე როგორ შეიძლება, რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს ორმაგი სტანდარტია და ისინი ჩვეულებრივი ფარისევლები არიან“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები