„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი.
დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”,- წერს კალაძე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად 8 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ადგილზე სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მოხმდართან დაკავშირებით 11 ოქტომბერი ქვეყანაში გლოვის დღედ ცხადდება.
შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან, ირკვევა, რომ საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, რომელთაც სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევა ედებათ ბრალად. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.