თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, უკრაინელების საქართველოს მთავრობის და ასევე, გაეროს ლტოლვილთა ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებით ბინების ქირაობა თბილისის გარეთ შესაძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი დევნილებისთვის ბინების შეთავაზების პროცესში უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტროა ჩართული.
„უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებით განცხადება გავავრცელეთ და თქვენ ზედმიწევნით იცი, თუ რა დახმარებას გაუწევს სახელმწიფო. მთლიანად პასუხისმგებლობას ჯანდაცვის სამინისტრო იღებს. ოჯახზე 300-ლარიანი დახმარება გამოიყოფა. გარდა ამისა, თვის განმავლობაში ერთ სულზე 45 ლარი იქნება.
ამასთან, გაერო-ს ლტოლვილთა ფონდი იღებს ვალდებულებას და თითოეულ ოჯახს 230 ლარს უყოფენ. ამ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, იქირაონ ბინები. საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის და შესაბამისად, ამ თანხით თავისუფლად შესაძლებელია ბინის ქირაობა სხვადსხვა რეგიონში თავისუფლად შესაძლებელია.
ჯანდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ჩართულია, კონკრეტული ბინების შეთავაზებასაც აკეთებს, თუ რომელი ბინები შეუძლიათ ამ ადამიანებს იქირაონ. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა, რომ საქართველო მხოლოდ თბილისი არ არის“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკრაინელი დევნილების სოციალური დახმარებების შესახებ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, დღეს დასრულდა პროგრამა, რომლითაც მუნიციპალური ბიუჯეტი დევნილებისთვის სასტუმროებში ქირაობდა ნომრებს. ეს პროგრამა ჩაანაცვლა ცენტრალური მთავრობის სოციალურმა დახმარებამ, რაც ბინის ქირისთვის თვეში 300 ლარს მოიცავს, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე თვეში 45 ლარი იქნება. ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, 45 ლარი იმიტომ შეირჩა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიები დატოვეს, თვეში სწორედ 45 ლარის დახმარებას ურიცხავს.




























