მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახეთში ₾5 მლნ-მდე ინვესტიციით „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი“ გაიხსნა - რა ღირს განთავსება?

641325c23f642
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.23 18:27
31269
ლაგოდეხის ნაკრძალთან ახლოს, ₾5 მლნ-მდე ინვესტიციით, 8 მარტს ახალი ტურისტული ობიექტი „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი“ გაიხსნა. 5 000 კვ.მ.-ზე გაშლილი განთავსების ობიექტი 21 კოტეჯს, 2 აუზს და რესტორანს მოიცავს და ერთდროულად 100 სტუმრის მიღება შეუძლია.

როგორც “კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალის“ გენერალური მენეჯერი დავით ბერიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, ახალი ტურისტული სივრცის მოწყობა კომპანიამ „აწარმოე საქართველოს“ სესხის პროცენტის სუბსიდირებით შეძლო.

„ადგილის მიმართ დიდი ინტერესი იყო როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტების მხრიდანაც. შიდა სივრცეში მოწყობილია დიდი და მცირე საცურაო აუზები და რესტორანი, რომელიც არამხოლოდ ჩვენს კოტეჯებში განთავსებულ პირებს, არამედ გარე სტუმრებსაც მოემსახურება. რესტორანში ქართულ-ევროპული სამზარეულოა, რომელიც ჩვენი შეფმზარეულის მიერაა შედგენილი.

კოტეჯები მოგზაურობისთვის საჭირო ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი და მომსახურება ისეთივეა, როგორც სასტუმროში. აქ დამსვენებელს დახვდება 2 ტიპის კოტეჯი, პატარა - 2 ადამიანზე და დიდი 4 ადამიანზე გათვლილი კოტეჯები. განთავსების ღირებულება პატარა კოტეჯებში 2 კაცზე საუზმით 200 ლარიდან, ხოლო დიდ კოტეჯებში 320 ლარიდან იწყება. ამასთან, სტუმრებს სეზონის დაწყების შემდეგ აუზებით სარგებლობაც შეეძლებათ“, - განმარტავს დავით ბერიძე.




ტურისტული ობიექტის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ კურორტს უნიკალურსა და მიმზიდველს მისი ადგილმდებარეობა ხდის, რადგან ის ლაგოდეხის ნაკრძალიდან 20 მეტრში მდებარეობს. სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალის მიმზიდველობიდან გამომდინარე გაუჩნდა კომპანია „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალის“ დამფუძნებელს, ნაკრძალის მიმდებარედ ტურისტული განთავსების ობიექტის მოწყობის სურვილი და 1 წლის წინ პროექტის განხორციელებას შეუდგა.

„მიუხედავად იმისა, რომ მარტი ტურისტულად აქტიური სეზონი არ არის, კურორტ ლაგოდეხის ნაკრძალის მიმართ ინტერესი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მხრიდან დიდია. ამასთან, კეთდება უკვე ჯავშნები მარტში, აპრილში, ხოლო მაისიდან ჯავშნების რაოდენობა საკმაოდ დიდია. მარტში დატვირთულობა დაახლოებით 40%-იან ნიშნულზეა. ამ ეტაპისთვის ძირითადად ადგილობრივები ჯავშნიან“, - ამბობს მენეჯერი.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის კომპანია 35 ადამიანს ასაქმებს, თუმცა ზაფხულის სეზონზე, როდესაც აუზებთან ბარი მოეწყობა, კადრების დამატება მოუწევთ.

ცნობისთვის: კომპანია „კურორტი ლაგოდეხის ნაკრძალი“ 2022 წლის 19 სექტემბერს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მმართველი დავით ვარძელაშვილია. როგორც ობიექტის გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, ტურიზმში, განთავსების სფეროში ეს კომპანიის დამფუძნებლის პირველი ინვესტიციაა.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები