"კაზინოები დასანახად ვერ გვიტანენ, მილიონობით შემოსავალი დაკარგეს ჩვენი სწორი, გამკაცრებული კანონმდებლობით" - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სხდომაზე დღეს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების შესახებ პირველი მოსმენით იმსჯელა და მხარი დაუჭირა.
ირაკლი ზარქუას თქმით, ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში აზარტული თამაშების გამკაცრებული კანონმდებლობის ფონზე, სხვა ქვეყნებში გადაინაცვლეს.
"მარტივია, ჩვენ გვაქვს და ვინარჩუნებთ მკაცრ პოლიტიკას ჩვენი თანამემამულეებისათვის. ასაკობრივი შეზღუდვებიც გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, საქართველოს მოქალაქე ნაკლებად მოხვდეს ამ თემაში. ამ გამკაცრებულმა პოლიტიკამ მოგვცა ის, რომ უცხოელების მხრიდან ნაკლები ინტერესია კაზინოებში სიარულის და ფულის ხარჯვის. რაც ნიშნავს იმას, რომ მერე, ნაკლები შემოსავლები აქვს ჩვენს ბიუჯეტს, რითაც შემდეგ მთელს რიგ სახელმწიფო პროექტებს ვაფინანსებთ. აქედან გამომდინარე, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენს მოქალაქეებს როგორც ჰქონდათ გამკაცრებული მიდგომა ის შევინარჩუნოთ, მაგრამ უცხოელებისთვის შევცვალოთ, რომ სხვაგან არ წავიდნენ და პირიქით, დავაინტერესოთ რომ აქ მოვიდნენ, აქ შევიდნენ ონლაინ კაზინოებში", - განაცხადა ზარქუამ.
დეპუტატმა ასევე უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის კრიტიკას, რომელმაც თქვა, რომ არსებული ცვლილებები კაზინოების ინტერესების დაცვაა.
"ვინ ჭამს ახლა ამას? ჩვენ კაზინოები გადავიკიდეთ იმიტომ, რომ შევუზღუდეთ მილიონობით ადამიანის შესვლა და მონაწილეობა. უამრავი თანხა დაკარგეს. როგორ უნდა თქვათ ახლა ეს სიგიჟე და სისულელე? მაგრამ თქვენი თემაა ეს, რომ წინასაარჩევნო იმაში ხართ და გინდათ ყველაფერს პოლიტიკური ის მიაკეროთ - საქართველოს ხელისუფლება, კაზინოები... კაზინოები დასანახად ვერ გვიტანენ, მილიონობით შემოსავალი დაკარგეს ჩვენი სწორი, გამკაცრებული კანონმდებლობით", - განაცხადა დეპუტატმა.