მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებს შორის კონკურენცია უნდა მოვარღვიოთ" - სოფიო ლებანიძე

ლებანიძე

BMGTV-ზე “ჯანდაცვის სტანდარტის” 16 მარტის გადაცემა ჯანმრთელობის დაზღვევას დაეთმო, რა დროსაც ბაზრის განვითარების დინამიკაზე, კონკურენციასა და ჯანმრთელობის დაზღვევის საჭიროებაზე “PSP დაზღვევის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ სოფიო ლებანიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კერძო დაზღვევა დღეს კონკურენციაშია სახელმწიფოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან და ეს კონკურენცია "უნდა მოვარღვიოთ".

“დღეს არსებული ჯანდაცვის სისტემის მოდელი გვეუბნება, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და კერძო დაზღვევა ერთმანეთთან კონკურენციაში ვართ. ადამიანებს ვეუბნებით, ან ერთი აირჩიე ან მეორე. თუ ადამიანი აირჩევს კერძო დაზღვევას, ის კარგავს ყველაფერს, რასაც სახელმწიფო აძლევს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს. ეს კონკურენცია უნდა მოვარღვიოთ", - განმარტა “PSP დაზღვევის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

სოფიო ლებანიძის თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს ქვეყანაში 19 სადაზღვევო კომპანია ოპერირებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ფასების მნიშვნელოვან მატებას არ უნდა ველოდოთ.

"ფასების კატასტროფულ გაძვირებას არ უნდა მოველოდოთ, იმიტომ რომ ამას კონკურენცია შთანთქავს. ხარისხი არ გაფუჭდება, რადგან კონკურენცია ამასაც დაარეგულირებს და რაც ყველაზე მთავარია, პოლიფარმაციისა და პოლიპრაგმაზიის ეფექტური მართვა - რაც აწვება ჯანდაცვის სისტემას, მოქალაქეს და დაზღვევას - შესაძლებელია თანამშრომლობით, სადაც სახელმწიფო და დაზღვევა არის ერთად", - აღნიშნა “PSP დაზღვევის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემაში “ჯანდაცვის სტანდარტი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები