მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რისკის პროპორციული დაბეგვრა: რას გვაჩვენებს 30 ქვეყნის გამოცდილება

ხალხი

თამბაქოს, ალკოჰოლისა და შაქრიანი სასმელების რეგულირებისას მხოლოდ შეზღუდვების სიმკაცრეზე ორიენტირება, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს. 2026 წლის მასშტაბური კვლევა, რომელიც Frontiers in Health Services-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც რეგულაციები პროდუქტებს შორის ჯანმრთელობის რისკების განსხვავებას უფრო მეტად ითვალისწინებს, ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპი ნელია. კვლევა 30 ევროპულ ქვეყანას მოიცავს და რეგულირების დიფერენცირების შესაფასებლად ახალ SCORE ინდექსს იყენებს.

კვლევის ავტორი, ვერონის უნივერსიტეტის ეკონომისტი ემანუელე ბრაკო, ყურადღებას ამახვილებს „მკაცრ“ და რისკის პროპორციულ რეგულირებას შორის განსხვავებაზე. SCORE ინდექსი არ ზომავს რეგულაციის ზოგად სიმკაცრეს. ის აფასებს, რამდენად განსხვავებულად რეგულირდება ერთი კატეგორიის პროდუქტები მათი შედარებითი რისკების მიხედვით. მაგალითად, თამბაქოს შემთხვევაში ინდექსი ითვალისწინებს განსხვავებას წვად და არაწვად ნიკოტინის პროდუქტებს შორის, ალკოჰოლის შემთხვევაში კი სხვადასხვა პროცენტულობის ალკოჰოლის შემცველობის პროდუქტებს შორის განსხვავებულ საგადასახადო და სხვა მარეგულირებელ მიდგომებს. შაქრიანი სასმელების მიმართულებით კი ყურადღება გამახვილებულია შაქრის შემცველობის მიხედვით დიფერენცირებაზე.

კვლევის მიხედვით, 2014-2022 წლებში SCORE-ის უფრო მაღალი მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯების ზრდასთან უარყოფითად იყო დაკავშირებული. კორელაციის კოეფიციენტმა -0.51 შეადგინა. მრავალფაქტორულ მოდელებში SCORE-ის კოეფიციენტი ასევე უარყოფითი და სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო: ავტორის შეფასებით, SCORE-ის 10-ქულიანი სხვაობა, ჯანდაცვის დანახარჯებში, დაახლოებით, 64.4-67.6 ევროს ოდენობით ნაკლებ წლიურ ზრდასთან იყო დაკავშირებული ერთ სულ მოსახლეზე. ამასთან, თავად ავტორი აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის არსებობს განსხვავებები ეკონომიკურ მდგომარეობაში, დემოგრაფიაში, ჯანდაცვის სისტემებში და ინსტიტუციურ შესაძლებლობებში, რომელთაც გავლენა აქვთ კვლევის შედეგებზე და მათი სრულად გამორიცხვა კვლევის მეთოდოლოგიით შეუძლებელია.

კვლევაში ასევე გაანალიზებულია ჯანმრთელობის სხვა მაჩვენებლებიც. უფრო მაღალი SCORE დაკავშირებული იყო სიცოცხლის ხანგრძლივობის უფრო მაღალ მაჩვენებელთან და გარკვეულ შემთხვევებში, თამბაქოსა და ალკოჰოლთან დაკავშირებული რისკების უფრო ხელსაყრელ დინამიკასთან. განსაკუთრებით ძლიერი კავშირი დაფიქსირდა ალკოჰოლის რეგულირების დიფერენცირებასა და მისი დიდი რაოდენობის ეპიზოდურ მოხმარებას შორის. თუმცა ავტორი აღნიშნავს, რომ შედეგების ინტერპრეტაციისას კვლავ აუცილებელია რიგი ფაქტორების გათვალისწინება.

ავტორის ჰიპოთეზის მიხედვით, როდესაც ერთ კატეგორიაში უფრო მაღალი და დაბალი რისკის მქონე პროდუქტებს განსხვავებული საგადასახადო და მარეგულირებელი ტვირთი აქვთ, პოლიტიკამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მომხმარებლისა და მწარმოებლის უფრო დაბალი რისკის ალტერნატივებისკენ გადაადგილებას. ამ შემთხვევაში მიზანი მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის მოხმარების შემცირება კი არ არის, არამედ მოხმარების სტრუქტურის ცვლილება და ზიანის შემცირება. ამავე დროს, კვლევა ხაზს უსვამს, რომ ასეთი მიდგომის შედეგების შესაფასებლად დამატებითი, განსაკუთრებით გრძელვადიანი კვლევებია საჭირო.

სოფიო ლებანიძე: რეგულაციის ეფექტიანობა საბოლოო შედეგით უნდა შეფასდეს

ჯანდაცვის ექსპერტის, კომპანია „ვაიზერის“ (Edwizer) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და „პსპ დაზღვევის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, სოფიო ლებანიძის შეფასებით, რისკზე მორგებული რეგულირება გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ რეგულირების სიმკაცრით არ განისაზღვროს და კონკრეტული პროდუქტის ჯანმრთელობის რისკის პროფილიც გაითვალისწინოს.

„რისკის პროპორციული პოლიტიკა დამატებით სვამს კითხვას: რას ვზღუდავთ, რომელი რისკის გამო და არსებობს თუ არა ამავე კატეგორიაში ნაკლები ზიანის მქონე ალტერნატივა? პრაქტიკაში ეს შეიძლება ნიშნავდეს განსხვავებულ დაბეგვრას, ხელმისაწვდომობის, მარკეტინგის, ინფორმირების ან სხვა რეგულაციების განსხვავებულ ინტენსივობას იმის მიხედვით, თუ რა ზიანის რა დონესთან არის დაკავშირებული პროდუქტი. - ამბობს ლებანიძე.

მისი შეფასებით, ჯანმრთელობის რისკებისა და ჯანდაცვის ხარჯების საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია, რადგან დაავადებებისა და გართულებების შემცირებას გრძელვადიან პერიოდში შეუძლია ჯანდაცვის სისტემაზე ფინანსური ზეწოლის შემცირებაც:

„ეკონომიკური თვალსაზრისით მიზანი მხოლოდ მოხმარების შემცირება არ არის, საბოლოო შედეგი უნდა იყოს დაავადების ტვირთის, გართულებებისა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება“.

თუმცა, ლებანიძე კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას იმავე შეზღუდვაზე ამახვილებს ყურადღებას, რასაც თავად კვლევის ავტორი: „კვლევა გვიჩვენებს კავშირს და არა მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებას. თავად ავტორიც მიუთითებს, რომ ქვეყნებს შორის განსხვავდება ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფია და ჯანდაცვის სისტემები“.

საქართველოს კონტექსტში ლებანიძე ყველაზე დიდ შესაძლებლობებს სამივე მიმართულებაში განსხვავებულად ხედავს. თამბაქოს შემთხვევაში, მისი თქმით, ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს - პრობლემა არ მთავრდება იმით, რომ მოწევა ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი მოწევას უკვე მძიმე დაავადების დიაგნოზის შემდეგაც აგრძელებს.

„სხვადასხვა კვლევის მონაცემების შედარებით, მიმდინარე თამბაქოს მოხმარება საქართველოში 2010 წელს 30.3%, 2016 წელს 31%, 2020 წლის მონაცემებში 30.7%, ხოლო 2022 წლის კვლევაში 33% იყო. მეთოდოლოგიები სრულად იდენტური არ არის და ამიტომ ეს მაჩვენებლები პირდაპირი სახით სიფრთხილით უნდა შევადაროთ, მაგრამ საერთო სურათი მაინც მიუთითებს, რომ გავრცელების მკვეთრი შემცირება არ ჩანს. ამიტომ თამბაქოს მიმართულებით შემდეგი ეტაპი, ჩემი აზრით, უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა“.

რესპოდენტის შეფასებით, ყურადღება უნდა გამახვილდეს არსებული რეგულაციების აღსრულებაზე, მოწევის შეწყვეტის სერვისებზე ხელმისაწვდომობასა და იმ ადამიანებისთვის რისკის შემცირების მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების განხილვაზე, რომლებიც მოწევას მაინც აგრძელებენ. ალკოჰოლის მიმართულებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოხმარების მოცულობის, არამედ სარისკო, მათ შორის მძიმე, ეპიზოდური მოხმარების შემცირების შეფასება. შაქრიანი სასმელების შემთხვევაში კი, მისი თქმით, ჯერ მონაცემების, მონიტორინგისა და მიზნობრივი პოლიტიკის გაძლიერებაა საჭირო.

„თუ სამივე მიმართულებას ერთ პრინციპში გავაერთიანებთ, მთავარი გზავნილი ჩემთვის ასეთია: კარგი რეგულაცია არ იზომება მხოლოდ მისი სიმკაცრით. საბოლოოდ უნდა შევაფასოთ, რეგულაციამ რამდენად შეამცირა და რა შედეგი გამოიღო როგორც ავადობის, ასევე ჯანდაცვის სისტემის ეკონომიკური ტვირთის, ანუ დანახარჯების ჭრილში“, - აცხადებს ლებანიძე.

საქართველოსთვის თემის მნიშვნელობას ასევე აჩვენებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2026 წლის შეფასება, რომლის მიხედვითაც არაგადამდები დაავადებების საერთო ეკონომიკური ტვირთი საქართველოში 3 მილიარდ ლარს, ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 6.2%-ს აღემატება. WHO აღნიშნავს, რომ თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის გაძლიერებას მაღალი ეკონომიკური უკუგება აქვს, ხოლო ალკოჰოლის მოხმარების შემცირების ინტერვენციებსაც მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

ამ ფონზე Bracco-ს კვლევის ძირითადი საკითხი რეგულაციების ზოგადად გამკაცრება ან შერბილება კი არა, მათი დიზაინის შეფასებაა. კვლევის მიხედვით, განსხვავებული რისკების მქონე პროდუქტებისთვის განსხვავებული მარეგულირებელი მიდგომების გამოყენება შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც ჯანმრთელობის მაჩვენებლების, ისე ჯანდაცვის ხარჯების უფრო ხელსაყრელ დინამიკასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები