აღნიშნული სტატია წარმოადგენს 2026 წლის 18 სექტემბერს ამერიკელი ჟურნალისტისა და ავტორის, მარკ განთერის, მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიმოხილვას. მარკ განთერს მედიის სფეროში ნახევარსაუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ის Fortune Magazine-ის ყოფილი რეპორტიორი და რამდენიმე წიგნის ავტორია, ხოლო მისი სტატიები და ანალიტიკური ნაშრომები გამოქვეყნებულია ისეთ ცნობილ გამოცემებში, როგორიცაა The New York Times, The Washington Post, Chronicle of Philanthropy და Reason.
ამ გრაფიკს გარკვეული განმარტება სჭირდება, ამიტომ ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ. ის ეხება თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას, მოწევის გავრცელების მაჩვენებლებსა და მილიარდერი ფილანთროპის, მაიკლ ბლუმბერგის, გავლენას ამ სფეროში.

თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი პროდუქტები დღეს მხოლოდ ტრადიციული სიგარეტით აღარ შემოიფარგლება - სიგარეტის პარალელურად არსებობს ე.წ. „უკვამლო პროდუქტებიც“. ამ კატეგორიაში შედის როგორც გასახურებელი თამბაქოს, ისე ნიკოტინის ბალიშების და ელექტრონული სიგარეტის პროდუქტები. სიგარეტთან შედარებით, მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ ისინი ნიკოტინს თამბაქოს წვის გარეშე აწვდიან მომხმარებელს და, არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, ტრადიციულ სიგარეტზე ნაკლებად საზიანოდ მიიჩნევა იმ ზრდასრული მწეველებისთვის, რომლებიც სხვა შემთხვევაში კვლავ გააგრძელებდნენ მოწევას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში სიგარეტი კვლავ ნიკოტინის მოხმარების ძირითად ფორმად რჩება, მათ შორის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ინდოეთი და ვიეტნამი - სადაც ალტერნატიულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.
ასეთმა ტენდენციამ დევიდ სვეანორის, იურისტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე აქტივისტის ყურადღება მიიქცია. მისი შეფასებით, მაშინ როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში მოწევის მაჩვენებელი მცირდება, სიგარეტის გაყიდვების მაღალ დონეზე შენარჩუნება, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით, პრობლემურია.
სუინორის არგუმენტი ასეთია: თურქეთი, ინდოეთი და ვიეტნამი სიგარეტის მწარმოებლებისთვის მიმზიდველი ბაზრებია, მათ შორის იმიტომ, რომ ამ ქვეყნებმა ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მიმართ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს. ამ პოლიტიკის მხარდამჭერებს შორის სუინორი ასახელებს მაიკლ ბლუმბერგს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ქსელს, რომელსაც Bloomberg Philanthropies აფინანსებს.
მისი შეფასებით, თუ ადამიანებს შედარებით ნაკლებად საზიანო ნიკოტინის პროდუქტებზე წვდომა შეეზღუდებათ, შესაძლოა მათთვის ტრადიციული სიგარეტი დარჩეს ნიკოტინის მიღების მთავარ წყაროდ. სწორედ ამ კონტექსტში სუინორმა ბლუმბერგი, WHO და ალტერნატიული პროდუქტების აკრძალვის მხარდამჭერები „თამბაქოს ინდუსტრიის დამხმარეებად“ მოიხსენია.
თურქეთის მაგალითი
თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მაგალითად, ხშირად, თურქეთი სახელდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სრულად დანერგა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების პაკეტი, რომელიც MPOWER-ის სახელითაა ცნობილი.
MPOWER-ის ინიციატივის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი Bloomberg Philanthropies-საც ჰქონდა. ფონდმა დააფინანსა ანგარიში, რომელიც ინიციატივის საფუძვლად იქცა, ასევე აფინანსებს ქვეყნების შეფასების სისტემასა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მთავრობებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.
2008 წელს, როდესაც ბლუმბერგი ნიუ-იორკის მერი იყო, ის MPOWER-ის პროგრამის ამოქმედებას ხელმძღვანელობდა და ამბობდა:
„პირველად გვაქვს როგორც თამბაქოს ეპიდემიის შესაჩერებელი მკაცრი მიდგომა, ისე მყარი მონაცემები, რომლებიც პასუხისმგებლობას გვაკისრებს“.
რამდენიმე წელიწადში თურქეთი MPOWER-ის პოლიტიკის ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად იქცა. Bloomberg-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის, Vital Strategies-ის დახმარებით, ქვეყანამ შემოიღო თამბაქოს პროდუქტების „სადა შეფუთვა“, გაზარდა თამბაქოს გადასახადები, აკრძალა ნიკოტინის და თამბაქოს შემცველი ყველა სხვა ალტერნატიული პროდუქტი.
ამ პოლიტიკას დადებითად აფასებდნენ როგორც WHO, ისე Bloomberg-ის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები.
ახლა კი დროა, კვლავ სტატიის დასაწყისში მოცემულ გრაფიკს დავუბრუნდეთ, რომელზეც ავტორი საკმაოდ პარადოქსულ მოცემულობას აღნიშნავს:
ქვეყანა, რომელსაც ხშირად თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის წარმატებულ მაგალითად გვაჩვენებენ, რეალურად საპირისპირო შედეგს აჩვენებს - თურქეთში, სადაც უკვამლო ალტერნატიული პროდუქტები ფაქტობრივად აკრძალულია, მოწევის მაჩვენებელი 2013-2023 წლებში შემცირების ნაცვლად, გაიზარდა და 23.8%-დან 28.3%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში OECD-ის ქვეყნებში მოწევა სტაბილურად შემცირდა 19.7%-დან 14.8%-მდე; ხოლო შვედეთში, სადაც მწეველებს ნაკლები რისკის შემცველ უკვამლო პროდუქტებზე აქვთ წვდომა, მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და ისტორიულ მინიმუმს, 5.5%-ს მიაღწია.
თუ თურქეთის მოდელი ასეთად წარმატებულია, რატომ იზრდება იქ მოწევა, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში მცირდება? თურქეთმა უკვამლო ალტერნატივების წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა აირჩია, თუმცა შედეგი საპირისპირო მიიღო. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ექსპერტი მიიჩნევს, რომ თურქეთი კარგი მაგალითი კი არა, გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც პოლიტიკა მხოლოდ აკრძალვებზეა დაფუძნებული.
2013 წელს Campaign for Tobacco-Free Kids-ის პრეზიდენტმა მეტ მაიერსმა განაცხადა:
„თურქეთის სამაგალითო ძალისხმევა თამბაქოს მოხმარების შესამცირებლად სიცოცხლის გადამრჩენ შედეგებს იძლევა და სხვა ქვეყნებსაც უნდა უბიძგოს, მიბაძონ თურქეთს და გადამჭრელი ზომები მიიღონ“.
ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ, ავტორს უჩნდება ლოგიკური კითხვა: კონკრეტულად რას უნდა მიბაძონ ქვეყნებმა? იმას, რომ თამბაქოს კონტროლის მკაცრი პოლიტიკა შემოიღონ? თუ იმას, რომ ზრდასრულ მწევლებს ნაკლებად საზიანო ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობა შეუზღუდონ?
სწორედ ამიტომ, თურქეთი უფრო და უფრო ნაკლებად ჰგავს წარმატების ისტორიას და უფრო მეტად იმ შემთხვევის ილუსტრაციას, როდესაც პოლიტიკა პროცესს ზომავს, მაგრამ შედეგს არა. თუ საბოლოო მიზანი მოწევის შემცირებაა, მაშინ მთავარი საზომიც სწორედ ეს უნდა იყოს.
ელექტრონული სიგარეტი და თამბაქოს ზიანის შემცირება
მსოფლიოში უკვე არაერთი მაგალითი და პრაქტიკული გამოცდილება დაგროვდა იმ ქვეყნების, რომლებმაც ნიკოტონის შემცველი პროდუქტების რეგულირების სხვადასხვა გზა აირჩიეს - ავტორის ყურადღებას იქცევს ქვეყნების გამოცდილება, სადაც ალტერნატიული ნიკოტინის პროდუქტები ფართოდ არის ხელმისაწვდომი.
შვედეთში მოწევის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ამის ერთ-ერთ ფაქტორად სახელდება ორალური თამბაქოს პროდუქტის ხანგრძლივი და ფართო გამოყენება. აშშ-ში კი ბოლო წლებში ელექტრონული სიგარეტებისა და ნიკოტინის ბალიშების გავრცელების პარალელურად, მწეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. გაერთიანებულ სამეფოში თამბაქოს კონტროლის მკაცრი ზომები ალტერნატიული ნიკოტინის პროდუქტების ხელმისაწვდომობასთან თანაარსებობს.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, თამბაქოს ზიანის შემცირების მიმართულების მხარდამჭერები საუბრობენ შესაძლო ჩანაცვლების ეფექტზე: როდესაც მწეველი სიგარეტიდან შედარებით ნაკლები რისკის მქონე ნიკოტინის პროდუქტზე გადადის, მცირდება წვის პროდუქტებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკიც.
გასულ თვეში გამოქვეყნებულმა თამბაქოს ზიანის შემცირების გლობალურმა ანგარიშმაც აჩვენა კავშირი ნაკლები რისკის შემცველი ნიკოტინის პროდუქტების გამოყენების ზრდასა და მოწევის გავრცელების შემცირებას შორის.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწევის გავრცელებაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და ცალკეული ქვეყნების მონაცემების ერთმანეთთან პირდაპირ შედარებას სიფრთხილე სჭირდება. თუმცა, ავტორის მთავარი არგუმენტი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების ხელმისაწვდომობასა და მოწევის შემცირებას შორის კავშირის იგნორირება არ უნდა ხდებოდეს.
თურქეთის გამოცდილება აჩენს კითხვას, რამდენად ეფექტიანია პოლიტიკა, რომელიც ყველა თამბაქოსა და ნიკოტინის პროდუქტს ერთნაირად უდგება და ძირითადად აკრძალვებს ეყრდნობა. ამიტომ, დღეს სულ უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს რისკის პროპორციულ მიდგომას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროდუქტის რეგულირება მათი რისკის პროფილის შესაბამისად უნდა განხორციელდეს. ეს არ გულისხმობს რომელიმე პროდუქტის მხარდაჭერას ან რისკების უგულებელყოფას. პირიქით, მსგავსი მიდგომა ეფუძნება მკაცრ ხარისხის კონტროლს, მომხმარებლის დაცვის მექანიზმებს, მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას.
სწორედ ამიტომ, თურქეთის გამოცდილება დღეს არაერთ ქვეყანაში აღიქმება არა როგორც ცალსახა წარმატების მაგალითი, არამედ როგორც შეხსენება იმისა, რომ ეფექტიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა შედეგებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
ბლუმბერგის ქონება, დაახლოებით, 95 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მისი ქონება ძირითადად Bloomberg-ის საინფორმაციო და ფინანსური მონაცემების ბიზნესით შეიქმნა. ავტორის კრიტიკის მთავარი საკითხი ისაა, თუ რატომ უჭერს ბლუმბერგის მიერ დაფინანსებული გლობალური ქსელი მხარს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მკაცრ შეზღუდვას მაშინ, როდესაც არსებობს კვლევები, რომლებიც ამ პროდუქტების გამოყენებას მოწევის შემცირებას უკავშირებს.
























