უტიფარი ტყუილი - ასე უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი ინფორმაციას, რომ სახელმწიფო კლინიკების ნაწილს, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პრობლემა აქვს.
2025 წლიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნები შედის ძალაში. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროგრამის დატოვება მოუწევთ.
" აბსოლუტურად უტიფარი ტყუილია, რადგან სულ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა სახელმწიფო კლინიკამ მოიპოვა ასეთი აკრედიტაცია. ასეთი ნათქვამი, ზოგჯერ, შეიძლება კომერციული ინტერესით იყოს განპირობებული" - განაცხადა სარჯველაძემ.
მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო კლინიკებისგან განსხვავებით, აკრედიტაციის პროცესში უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგანან კერძო, მცირე და საშუალო ზომის კლინიკები.
"რა თქმა უნდა, პირველი დღიდან, როცა ეს საკითხი შემოვიდა, დღის წესრიგშია ან გადავადების, ან მოდიფიცირების ვერსია, რომელიც შეიძლება იყოს განხილული. რა იქნება გადაწყვეტილება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით, მაგრამ სახელმწიფო კლინიკებს რომ თავი დავანებოთ, რომლის ჯამური მასშტაბი სულ 15%-ს არ აღემატება, იმ დარჩენილ 85%-ში, კერძო კლინიკებში, არც თუ პატარა ნაწილს შეიძლება შეექმნას აკრედიტაციის პრობლემა, იმიტომ რომ ამას სჭირდება მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ დიდ კლინიკებს ხელეწიფებოდეთ; პატარა, მცირე საშუალო ზომის კლინიკების დაჩაგვრა, რა თქმა უნდა არ შედის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ამას რა თქმა უნდა, გულისყურით ვეკიდებით", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.