ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის საწვავის მიწოდებას გააგრძელებს. მინისტრის ეს განცხადება ერთ-ერთი კერძო კომპანიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც უკრაინასთან ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობის გამო, უარი თქვა აშშ-ის საზღვაო ძალების საწვავით მომარაგებაზე.
"ეს თანხვედრაში არ მოდის ნორვეგიის მთავრობის პოლიტიკასთან, გავაგრძელებთ ამერიკელი სამხედროების უზრუნველყოფას საწვავით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტორე სანდვიმა.
NATO-ს წევრ ნორვეგიის თავდაცვის მინისტრს განცხადების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ნორვეგიულმა კომპანიამ Haltbakk Bunkers-მა უარი თქვა აშშ-ის საზღვაო ძალებისთვის საწვავის მიწოდებაზე. მიზეზი უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში მომხდარი ინციდენტია.
"უკრაინის პრეზიდენტის დიდი დამსახურებაა, რომ დარჩა მშვიდად იმის მიუხედავად, რომ აშშ-მა სატელევიზიო შოუ მოაწყო. უარი საწვავზე ამერიკელებს", - წერდა კომპანია Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც ახლა წაშლილია. კომპანიის ხელმძღვანელმა ნორვეგიულ გაზეთს დაუდასტურა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება არ მიეწოდებინათ აშშ-ის სამხედროებისთვის საწვავი და იქვე დაამატა, რომ ამ ნაბიჯს სიმბოლური ხასიათი ჰქონდა.




























