მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო-საჯარო პარტნიორობაზე მოთხოვნა უაღრესად მაღალია, შესაძლოა, ბიუჯეტიც არ გვეყოს - ამილახვარი პროფესიულ განათლებაზე

განათლება

განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, “მინისტრის საათის” ფარგლებში ბოლო წლებში პროფესიული განათლების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო სექტორი ამ კუთხით საკმარის ინიციატივებს არ იჩენს.

“პროფესიული განათლების კუთხით, ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა დასამალი არ არის, რომ ამ კუთხით გამოწვევები მაინც გვაქვს. კერძო სექტორი, დამსაქმებლები, აქტიურად არ არიან ჩართული ამ პროცესში.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ თითოეული ინიციატივა, რომელიც აქამდე იდებოდა პროფესიულ განათლებაში, ამიერიდან მათთან ერთად უნდა ჩაიდოს. ნამდვილი საჯარო-კერძო თანამშრომლობის პირობებში, სადაც სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ ტექნიკური და მეთოდური მხარდამჭერი, არამედ - ინვესტორიც”, - ამბობს გიორგი ამილახვარი.

მისი თქმით, სახელმწიფო ინვესტიციას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებასა და საჭირო მოწყობილობების შეძენას მოახმარს, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ კერძო სექტორის მონაწილეობითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით მოხდება.

“მინდა გითხრათ, რომ [ასეთი ტიპის თანამშრომლობაზე] მოთხოვნა არის უაღრესად დიდი, შესაძლოა, ბიუჯეტიც არ გვეყოს ყველას დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ეს არის ის ხედვა და პოლიტიკა, რომლისკენაც პროფესიული განათლება 2024 წლიდან გადაერთვება და დასაქმების უმაღლეს პროცენტამდე აგვიყვანს”, - აცხადებს განათლების მინისტრი.

მიმდინარე წელს განათლების სამინისტრომ კერძო სექტორისათვის საჯარო შეთავაზება შეიმუშავა, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამონაწილეობითი მართვის მოდელების დანერგვას და ამ ფორმით უნარების ეკოსისტემაში ბიზნესის შემოყვანას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს პროფესიული განათლების უკეთ მორგებას კერძო სექტორის ინტერესებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები