2025 წელს „შუა დერეფანში” აქტივობა გაიზარდა. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის ინფორმაციით, გასულ წელს ამ გზით 433 საკონტეინერო მატარებელმა ისარგებლა, გაერთიანებაში მიაჩნიათ, დერეფნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის მომდევნო 3-5 წლიან პერიოდში აუცილებელი იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება და ციფრული გადაწყვეტების მიღება.
ქართული გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლების აცხადებენ, რომ 2025 წელი საქართველომ ტვირთბრუნვის ზრდით დაასრულა და მათ შორის შუა დერეფნის მარშრუტზე წლების მიხედვით დინამიკა მზარდია, რასაც ყველა მონაწილე მხარისგან ფეხის აწყობა სჭირდება.
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "მინტრანსის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო კოჭლამაზაშვილი გამოწვევად საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არ არსებობას ასახელებს, რაც დიდი გემების მიღებას და გადაზიდვების გაიაფებას აფერხებს.
“2025 წელი იყო საქართველოსთვის წარმატებული წელი, გვქონდა 40%-იანი ზრდა. აქ მოიაზრება როგორც საკონტეინერო საზღვაო გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, ასევე სარკინიგზო გზით გადაზიდული ტვირთები.
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ყველასთვის ცნობილი არის, რომ გვაქვს შეფერხებები, პატარ-პატარა. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა შევეხოთ შავ ზღვას და პორტებს. ვიცით, რომ ჩვენს პორტებს - საუბარი მაქვს ფოთისა და ბათუმის პორტებზე - არ შეუძლიათ დიდი გემების მიღება, იმიტომ რომ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი სანაპირო. ბათუმის პორტს აქვს 12-მეტრიანი, ხოლო ფოთის პორტში გვაქვს 8-მეტრიანი სიღრმე და ამის გამო ჩვენ ვერ ვიღებთ დიდი მოცულობის გემებს.
აუცილებლად უნდა შევეხოთ ანაკლიის თემას. კერძო სექტორი ველოდებით ანაკლიის პორტის ამუშავებას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მივიღოთ უფრო დიდი გემები და შესაბამისად გადამუშავდება უფრო მეტი ტვირთი. ასევე აღსანიშნავი არის რკინიგზა და საქართველოც დგამს ნაბიჯებს, რომ მოხდეს რკინიგზის მოდერნიზება,”- ამბობს საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "მინტრანსის" აღმასრულებელი დირექტორი ნინო კოჭლამაზაშვილი.




























